პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სამსახურთან ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა, მთელი პანდემიის პირობებში. ეს ითვალისწინებს ტესტირების პროგრამას, რომელიც დღემდე აქტიურად მიმდინარეობს იმისთვის, რომ პრევენციულად მოხდეს გამოვლენა და არცერთი ინფიცირებული არ დარჩეს პენიტენციურ დაწესებულებაში და არ გახდეს ინფიცირების წყარო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს ვაქცინაციის ყველაზე მაღალი და კარგი მაჩვენებლები არის პენიტენციურ სამსახურში, როგოც თანამშრომლებს შორის, ასევე მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს შორის. ეს ქმნის დაცვის კარგ გარანტიას. ბუსტერ დოზების ადმინისტრირირებაც დაწყებულია და 3 ათასზე მეტ პირს აქვს მიღებული ბუსტერ დოზა. ინფიცირებული პირების მართვისთვის სამოქალაქო სექტორში შექმნილია შესაძლებლობები, ეს არის „ვივამედი“ და ნანეიშვილის სახელობის ცენტრი, სადაც შექმნილია ერთი სპეციალური კორპუსი და ინფიცირებული პირების იზოლაცია ხდება იქ. აქამდე დაფიქსირებული ყველა შემთხვევა იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. მიმდინარე პერიოდშიც პენიტენციური სამსახური აბსოლუტურად მართავს სიტუაციას, ინფორმაცია იქ გავრცელებული უკონტროლო შემთხვევების შესახებ აბსოლუტურად არასწორი და გადაჭარბებული. მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ამ არასწორ ინფორმაციას“, - განაცხადა გაბუნიამ.