ბიძინა კულუმბეგოვი: ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა გამოიხატოს

ბიძინა კულუმბეგოვი: ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა გამოიხატოს

20 იანვრის შემდგომ გვაქვს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების საკმაოდ სერიოზული მაჩვენებლები,- განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი-2“-ის ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, თებერვლის მეორე ნახევრიდან ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები შემცირდება.

„პრაქტიკულად, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში პოზიტიური ტესტების რაოდენობა 30%-ზე მეტია, რაც მიუთითებს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების უპრეცედენტო მასშტაბებზე და, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური ფენა დროის მცირე მონაკვეთში უკვე თითქმის 90%-ს გადააჭარბებს, რაც ასევე ხელს უწყობს დაავადების გავრცელების ტალღების და გადაცემის ჯაჭვების შემცირებას, რაც ეპიდემიოლოგიურ სტაბილურობაში უნდა გამოხატოს უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 24 616ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 350 454 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 124 442, გარდაიცვალა 15 300 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.