ხანძარი” და შფოთი გორის ეპარქიაში(VIDEO)

ხანძარი” და შფოთი გორის ეპარქიაში(VIDEO)

გორისა და სამთავისის ეპარქიის მრევლი შეშფოთებულია. შესაძლოა უახლოეს ხანებში მეუფე ანდრია ეპარქიიდან გაიწვიონ. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან ადგილობრივი წარმომადგენლები დღეს დილით საპატრიარქოში სიტუაციიის გასარკევად გაემგზავრნენ. სოფელ ვარიანის მკვიდრს, მამა გიორგის (გოგიჩაძე) 6 მაისს სახლი დაეწვა, რომელშიც მეუფე ანდრიას ადანაშაულებს. ეპარქიის წინამძღვარის დასაცავად გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე იმ ადამიანების დასახელებით იმუქრება, რომლებიც სინოდში არიან, მეუფე ანდრიას ებრძვიან და მამა გიორგის (გოგიჩაძე) მფარველობენ.


აღდგომის მეორე დღეს, სოფელ ვარიანში საცხოვრებელ სახლის მეორე საერთულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც სახლის მესაკუთრე მამა გრიგოლი აცხადებს, მეორე სართულზე ელექტროგაყვანილობა არ არსებობდა, შესაბამისად, იგი სადენებით გამოწვეულ ხანძრის ვერსიას გამორიცხავს.

მისი თქმით, ის სოფელ ვარიანში 90-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა და საეკლესიო საქმიანობას შეუდგა. ადგილობრივი მკვიდრის სტატუსით სოფლის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები მიიღო, ხოლო დამატებით, სხვადასხვა პირებისგან დაახლოებით 9 ჰა მიწა იყიდა. ბოლო პერიოდში, ფერმა ააშენა და საკალმახე წარმოებას მიჰყო ხელი.

2000-იანი წლების ბოლოს მამა გრიგოლის წინააღმდეგ სოფელში აქციები გახშირდა. ამ აქციებზე ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სოფლიდან მის გასახლებას ითხოვდა. მამა გრიგოლი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ხალხს ეპარქიის წინამძღვარი მეუფე ანდრია და სოფელში დანიშნული ახალი მოძღვარი კრებდნენ და აქეზებდნენ.

,,მეუფე ანდრიამ სოფელში ვინც დანიშნა მოძღვრად, თავის დროზე ჩემთან ერთად მსახურობდა და, ფაქტობრივად, ჩემი ხელშეწყობით ახორციელებდა საეკლესიო მსახურებას. შემდეგ მოინდომა ჩემი ადგილი და ამას მიაღწია კიდეც. სარგებლობს მეუფე ანდრიას კეთილგანწყობით და მას მერე მებრძვის თვითონაც და ანდრიაც. პირადად, მეუფე ანდრიამ მოითხოვა ჩემგან ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩემს საკუთრებაშია და მითხრა: ეგ მიწა მე შემომწირეო. საუბარი იყო ჩემს საცხოვრებელ სახლზეც. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. შემდეგ დაიწყო სხვადასხვა ადამიანების მოძებნა, შეკრება და ჩემთან დაპირისპირება. მე საერთოდ არ მაინტერესებს მისი მმართველობა, მე მაინტერესებს ის, რომ თავი დამანებოს და ჩემთან ბრძოლას შეეშვას” – აცხადებს მამა გრიგოლი.

სამთავისისა და გორის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე ანდრია აცხადებს, რომ მთელი ამ ისტორიის შესახებ დეტალურად დიაკონი გიორგი (კარელიძე) გვესაუბრება. ,,ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, მისი სახლი მე არ დამიწვია” – გვითხრა მეუფემ.

,,მეუფე ანდრია მოქმედება შემდეგნაირად. მამა გრიგოლის წინააღმდეგ სოფლიდან ეპარქიაში რამდენიმე საჩივარი შემოვიდა. ამას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა და ჩვენს კანცელარიაში ეს დოკუმენტები ინახება. მეუფე ანდრიამ დაიბარა როგორც ერთი მხარე, ისე მეორე მხარე. შემდეგ ორივეს ერთად შეხვდა. მეუფემ მოუწოდა მათ ურთიერთგაგებისკენ. მამა გრიგოლს კი ურჩია მოქცეულიყო ისე, როგორც სასულიერო პირს შეეფერება. ჩვენი მოქმედება მდგომარეობდა, მხოლოდ, იმაში, რომ სოფელში დაპირისპირება შეჩერებულიყო და ეს ხალხი ერთად გაგვეერთიანებინა და შეგკვეკრა ერთ მუშტად. სამწუხაროდ, მამა გრიგოლი არ აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელიც ამ ხალხს გააერთიანებდა” – აცხადებს დიაკონი გრიგოლი (კარელიძე).

მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) აცხადებს, რომ როდესაც 2009 წელს სოფელში შიმშილით გარდაცვლილი ბავშვის ამბავი გაახმაურა, ამის თაობაზე მას გადაეკიდნენ როგორც ადგილობრივი რაიონის ხელმძღვანელები, ასევე ეპარქიის წარმომადგენლები. ,,ეს ინფორმაცია იმდენად შოკისმომგვრელი იყო მათთვის, რომ წარმოუდგენლად მიიჩნიეს მათ ტერიტორიაზე ვინმე შიმშილით კვდებოდეს. ამიტომ, ჩემი ასეთი განცხადება არ მოეწონათ და უფრო გააძლიერეს ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა” – აცხადებს მამა გრიგოლი (გოგიჩაძე).

მეუფეს ნდობით აღჭურვილი დიაკონი გრიგოლი გვეუბნება, რომ იმ ოჯახზე, სადაც ბავშვი შიმშილით დაიღუპა, ეპარქია დიდი ხანია ზრუნავდა. ,,არავის უთქვამს, რომ რომ ეს ამბავი არ უნდა გახმაურებულიყო. ერთადერთი, რაც ჩვენი მხრიდან უკმაყოფილება გამოითქვა, არის ის, რომ მამა გრიგოლის ასეთი განცხადებები, რაც მაშინ გაკეთა, ეპარქიასთან ან კიდევ საპატრიარქოსთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო. რაც არ გაუკეთებია. მხოლოდ ეს იყო მეუფე ანდრიას მაშინდელი პოზიცია” – აცხადებს დიაკონი გრიგოლი.

სოფელ ვარიანის ეკლესიის ამჟამინდელი წინამძღვარი კი გვეუბნება, რომ იმ ბავშვის მზრუნველობა მამა გრიგოლს თავის თავზე ჰქონდა აღებული: ,,რატომ არავინ ეკითხებით რატომ დაიღუპა ბავშვი მაშინ, როდესაც მის ოჯახზე მზრუნველობა თავად ჰქონდა აღებული?!” – აცხადებს ვარიანის ეკლესიის წინამძღვარი.

მამა გრიგოლ (გოგიჩაძის) ბრალდებები ეპარქიის მიმართ ამით არ წყდება: ,,საკმაოდ გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან მამა იოანე (ცხვირაშვილი). მას ძალიან ცუდად მოექცნენ. როდესაც ის ჩამოვიდა სამებაში, იგი ადანაშაულებდა ქალბატონ ცეცილიას, მე არ ვიცი მისი ფუნქცია, მდივანია, ზოგი მმართველას უწოდებს. ძალიან ცუდია, რომ მამა იოანე გულნატკენი წავიდა მაგისგან. მე ვიცი მრევლს რა პოზიცია აქვს. მამა კონსტანტინემ რა დააშავა, რომ მოწყვიტა სოფელს. ეტყობა ისიც უნდა, რომ სადღაც გზაში გადავარდეს, რაებს ცდილობს, რა უნდა არ ვიცი. თქვენ იცით, რომ მეც მიწყობდა რაღაცეებს. სპეცსამსახურებმა მომიშვეს მანქანა, მე ავიღე რული და ამოვბრუნდი. ყველანაირად ცდილობენ, ქალების მოგზავნას, ფულის მოგზავნას, სამებაში არ მასვენებდნენ, ოქრო მოჰქონდა ზოგს, ეს იმისთვის, რომ მერე რაღაცეები ეთქვათ. მაგრამ ვერაფერზე წამომაგეს. ბოლოს მოხდა ის, რომ ვითომ მე მაქვს ეკლესიის მიწა მითვისებული და დამიპირისპირეს ხალხი” – ამბობს მამა გრიგოლი (გოგიჩაძე).

დიაკონი გრიგოლი (კარელიძე) ამბობს, რომ მამა იოანეს ფაქტის მოხსენიება მართლაც აღმაშფოთებელია: ,,როდესაც ადამიანი გარდაცვლილია და მის ფაქტორს ამ კონფლიქტში რთავ, ეს არის ძალიან აღმაშფოთებელია. როგორც ცნობილია, მამა იოანეს შვილებმა თბილისში გააგრძელეს სწავლა და საჭირო გახდა მათი თბილისში წასვლა. ოჯახს უჭირდა. მამა იოანემ სთხოვა მეუფე ანდრიას, რომ შეუმდგომლობა გაეწია საპატრქიარქოში. მეუფე ანდრია, პირიქით, დაეხმარა მამა იოანეს იმაში, რომ სხვა ეპარქიაში გადასულიყო. ასევე რაც შეეხება ეკლესიის მიწებს, თავის დროზე, ის მიწა სოფლის მაშინდელმა გამგებელმა მისცა ეკლესიას. შემდეგ რანაირად აღმოჩნდა ეს ეკლესია მამა გრიგოლის ხელში, ეს უკვე ჩვენ აღარ ვიცით. მიუხედავად ამისა, მეუფე ანდრიას ამაზე ხმა არ ამოუღია და არ განუკიცხია მამა გრიგოლი” – აცხადებს დიაკონი გრიგოლი (კარელიძე).

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ეპარქიაში არსებული მდგომარეობით შეშფოთებულია. ის დიდი ხანია გორის საკათედრო ტაძრის მრევლია და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მეუფე ანდრიას გაწვევა არ მოხდეს:

,,მე მზად ვარ ყველა ის ადამიანი ვამხილო, ვინც მეუფე ანდრიას ებრძვის როგორც საპატრიარქოში, ასევე ,,ნაციონალურ მოძრაობაში” თუ სხვაგან. მრევლი აღდგება და ჩავა საპატრიარქოში. ასეთი ცილისწამების და შანტაჟის მსხვერპლი არ უნდა გახდეს ჩვენი ეპარქიის წინამძღვარი” – აცხადებს რაზმაძე. ის მამა გრიგოლის (გოგიჩაძის) წარსულ ცხოვრებაზე საუბრობს და ამბობს, რომ იგი გამოძევებული ჰყავთ როგორც საკუთრი სოფლიდან, კახეთიდან, ასევე თბილისის წმ. ნინოს ტაძრიდან და ლონდონის ეკლესიიდან. მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) კი ამბობს, რომ მას მუდამ დევნიან და ლონდონშიც კი შეუქმნეს პრობლემები.

ასეა თუ ისე, სიტუაცია დაძაბულია. მრევლი გადაწყვეტილებას ელოდება. საკრებულოს თავმჯდომარეს ინფორმაცია აქვს, რომ სინოდი ანდრიას საკითხს განიხილავს. საკრებულოს თავმჯდომარე სინოდში მეუფეს მტრების დასახელებასაც აპირებს.