„ქართული ოცნება“ აპირებს მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც ამბობს - დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება არ ვიცით რითი დასრულდება, მაგრამ ჩვენ გამარჯვებულის მხარეს ვიქნებითო

„ქართული ოცნება“ აპირებს მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც ამბობს - დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება არ ვიცით რითი დასრულდება, მაგრამ ჩვენ გამარჯვებულის მხარეს ვიქნებითო

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტს „ქართული ოცნების“ სახელით წარედგინა, არაფრის მთქმელია, რადგან მასში საერთოდ არ არის ნახსენები რუსეთის აგრესია.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კიევში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში განმარტავს, თუ რატომ გახდა შეუძლებელი ამ რეზოლუციის მხარდაჭერა ოპოზიციის მიერ.

„ჩვენი ზეწოლის შედეგად დაწერეს ის ტექსტი, რაც დაწერეს. არაფრისმთქმელი ტექსტია. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში ძალიან ბევრი ხარვეზი იყო, ერთი წინადადების დამატება, რომ რუსეთის ფედერაციაზეა საუბარი, როდესაც სამხედრო აგრესიაზეა მითითება, ეს საკმარისი იქნებოდა, რომ პარლამენტში მთელ ოპოზიციურ სპექტრს მხარი დაეჭირა ამ რეზოლუციისთვის.

ჩვენი მოთხოვნა, რომ კენჭისყრაზე დამდგარიყო შესწორება ერთი წინადადება, არც კი გაითვალისწინა სხდომის თავმჯდომარემ.

რეალურად, დღეს „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც რას ეუბნება საზოგადოებას - დასავლეთსა და რუსეთს შორის ეს დაპირისპირება არ ვიცით რითი დასრულდება, მაგრამ ჩვენ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებულის მხარეს ვიქნებითო. ეს არის დღეს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ახალი საგარეო პოლიტიკა. ჩვენ, ოპოზიცია მხარს არ დავუჭერთ ამ რეზოლუციას. ვაპირებთ, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მივმართოთ. ხვალ მე კიევში ვიზიტით მივემგზავრები, განვუმარტავთ ჩვენს პოზიციას, რატომ გახდა შეუძლებელი ჩვენთვის ამ რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერა მიუხედავად ჩვენი სურვილისა, რომ პარლამენტს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიეღო", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა უკრაინის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტმა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერა მიიღო. აღსანიშნავია, რომ განხილვის შედეგად რეზოლუციის პროექტი იმ სახით დარჩა, როგორც ინიცირებულია. ამასთან, კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა. კომიტეტის სხდომა ოპოზიციის ალტერნატიული წინადადების კენჭისყრის გარეშე დასრულდა.