„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პარლამენტში უპირველესი საკითხი მიხეილ სააკაშვილის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება.
მისი თქმით, ისინი პარლამენტში მუშაობას მათი დღის წესრიგით გააგრძელებენ.
„ჩვენი დღის წესრიგით გავაგრძელებთ პარლამენტში მუშაობას. რა თქმა უნდა, მთავარი და უპირველესი საკითხი იქნება მიხეილ სააკაშვილის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნა. ბრძოლის ყველა ის ფორმა, რაც დღეს არის, იქნება ეს ქუჩის აქციებისა თუ მუნიციპალიტეტებში საკრებულოების ფრაქციების აქტიურობა, იქნება ჩვენი საერთო ბრძოლის ხაზი“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას სრული შემადგენლობით დაესწრება. მათი მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნაა.