გიგი უგულავა: პოლიტიკური სეზონი განახლდა და სასამართლოც პოლიტიკურ ფერხულშია ჩართული - ყველას უნდა შეახსენონ, რომ სასამართლოს ქვეშ ვართ, ეს ლატენტური ტერორია

გიგი უგულავა: პოლიტიკური სეზონი განახლდა და სასამართლოც პოლიტიკურ ფერხულშია ჩართული - ყველას უნდა შეახსენონ, რომ სასამართლოს ქვეშ ვართ, ეს ლატენტური ტერორია

პოლიტიკური ცხოვრება ცოცხლდება და შესაბამისად, გაცოცხლდება ეს სასამართლოებიც, მათ შორის ეს თავისი შინაარსით აბსურდული საქმეც, რომ ძიუდოისტი ვცემე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო სხდომების განახლება ყოველთვის რაღაც პროცესებს უკავშირდება.

„ეს პროცესი თავისი შინაარსით სრულიად აბსურდულია. მოვედი, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ჩვენი სასამართლო არის ფიქცია, ჩვენი მართლმსაჯულება არის ფიქცია. ახლა ჩანიშნეს პროცესი, ალგორითმის გამოცნობა ძნელია, როდის, რატომ ნიშნავენ. სასამართლოს თანაშემწეები ამბობენ, ეს ჩვენი რუტინა არისო, პოლიტიკურ კალენდარს თუ ჩახედავ, ყოველთვის რაღაცას ემთხვევა ხოლმე, სასამართლო პოლიტიკურ ფერხულშია ჩართული. პოლიტიკური სეზონი განახლდა, ყველას უნდა შეახსენონ, რომ ყველანი სასამართლოს ქვეშ ვართ, ეს რაღაცნაირი ლატენტური ტერორია. პოლიტიკური ცხოვრება ცოცხლდება და შესაბამისად, გაცოცხლდება ეს სასამართლოებიც, მათ შორის, ეს თავის შინაარსით აბსურდული საქმე, რომ ძიუდოისტი ვცემე“,- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.