ივანე ჩხაიძე ეპიდვითარებაზე: თებერვლის მეორე ნახევრიდან სტაბილიზაცია იქნება - რამდენად სწრაფადაც მატულობს შემთხვევები, ველით, რომ ასეთივე სწრაფი იქნება შემთხვევების კლება

ივანე ჩხაიძე ეპიდვითარებაზე: თებერვლის მეორე ნახევრიდან სტაბილიზაცია იქნება - რამდენად სწრაფადაც მატულობს შემთხვევები, ველით, რომ ასეთივე სწრაფი იქნება შემთხვევების კლება

იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი, ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ თებერვლის მეორე ნახევრიდან, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი იქნება.

„ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არაა ისეთი მაღალი, როგორც ეს „დელტას“ დროს იყო. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვირაა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, 2 500-ზე მეტი თავისუფალი საწოლია დარჩენილი. თებერვლის მეორე ნახევრიდან, სტაბილიზაცია იქნება. რამდენად სწრაფადაც მატულობს შემთხვევები, ასევე, ველით, რომ ასეთივე სწრაფი იქნება შემთხვევების კლება და თებერვლის მეორე ნახევრიდან, ალბათ, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა 14 980 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.