ვახტანგ ჭარაია: დეკემბრის წინასწარი მონაცემებიც გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვევა რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2021 წელს რეალური მოვლენა გახლდათ, არადა დაუჯერებლად ჩანდა

ვახტანგ ჭარაია: დეკემბრის წინასწარი მონაცემებიც გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვევა რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2021 წელს რეალური მოვლენა გახლდათ, არადა დაუჯერებლად ჩანდა

„აღსანიშნავია, რომ სწორედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა ის მოვლენა, რომელმაც შეძლო მნიშვნელოვნად გაზრდილი ინფლაციის გამოწვევის დაბალანსება, რომელიც თავის მხრივ გლობალური თავსატკივარი გახლდათ, მათ შორის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი,“ -ასე გამოეხმაურა თსუ ეკონომიკის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია 2021 წლის დეკემბრის და 2021 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებებს. 

ვახტანგ ჭარაიას განცხადებით  ხაზგასასმელია ის, რომ 2021 კორონომიკური წლის მიუხედავად ეკონომიკამ უკვე გადაუსწრო პანდემიამდელ 2019 წელსაც. კონკრეტულად 2021 წლის დეკემბერში კი რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის უმრავლეს სექტორებში, მათ შორის დამამუშავებელი მრეწველობის; ტრანსპორტის და დასაწყობების; ვაჭრობის; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურების და სხვა დარგებში.

„ეკონომიკის გაძლიერების პროცესი მოსალოდნელია რომ წარმატებულად გაგრძელდეს პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც, რომლამდეც როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები გვარწმუნებენ არც ისე დიდი დროა დარჩენილი. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება საქართველომ მაქსიმალური ყურადღება ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მომავლის სამსახურების ხელშეწყობაზე გაამახვილოს.“-  განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.