ალექსანდრე გოგინავა: მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, რისკჯგუფებში, მასაც შეუძლია საკმაოდ მძიმე დაავადების გამოწვევა

ალექსანდრე გოგინავა: მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, რისკჯგუფებში, მასაც შეუძლია საკმაოდ მძიმე დაავადების გამოწვევა

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ხანდაზმულები ვაქცინაციაში აქტიურად უნდა ჩაერთონ, რადგან, „დელტასთან“ შედარებით, მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, „ომიკრონს“ რისკჯგუფებში სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინოს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვაქცინაცია უნდა წავიდეს აქტიურად, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადება და არიან ხანდაზმულები. „ომიკრონს“, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, რისკჯგუფებში, მასაც შეუძლია საკმაოდ მძიმე დაავადების გამოწვევა“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 162 773 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 001 275, გარდაიცვალა 14 945 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი - 24 მაისიდან.