სიზმარიდან რეალობამდე (წერილი მეხუთე)

სიზმარიდან რეალობამდე (წერილი მეხუთე)

არის ლოგიკური, რაციონალური აზროვნება, რომლის მიზანიც არის დაასაბუთოს და დამაჯერებელი გახადოს აზრი რაიმეს შესახებ, მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აშენდეს სახელმწიფოებრიობა. სანამ ჩვენ ვმსჯელობთ თუნდაც თავად სახის ან სახისმეტყველების შესახებ, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს თავად სახედ ან სახისმეტყველებად, მაგრამ როგორც კი იწყება მეტაფორული აზროვნება, როგორც კი იწყება არა სახის ან სახისმეტყველების შესახებ, არამედ თავად სახეებით, ანუ სახისმეტყველებით აზროვნება, სინამდვილეს სული ედგმება, სისხლი ძარღვებში იწყებს ჩრქოლას, ფილტვები – ჰაერით გაბერვას, და ადამიანის წარმოსახვაში თემა ცოცხლდება.

რატომ?

იმიტომ, რომ მეტაფორული აზროვნება ადამიანის ხელში არის უფლის სასწაულის მომხდენი ინსტრუმენტი, რომელიც ქმნის სახეს, იდეალს, უნარის მქონეს ჩაჰბეროს ადამიანს სული, გააცოცხლოს, განადიდოს და უფალთან მიაახლოვოს.

მას შემდეგ, რაც დავიწყე ჩვენს საიტზე გამოქვეყნება რომანი “ჯვარ-პატიოსანის” ფრაგმენტებისა და ყური მივუგდე გამოხმაურებებს, ჯერ ვიგრძენი, ხოლო შემდეგ გავაანალიზე და კონკრეტულად მივხვდი, რომ რაღაც არასწორად და არასამართლიანად ხდება არა ვინმეს მხრიდან ვისმეს მიმართ, არამედ თავად საგნების არასწორი დალაგებულობის გამო, რომლის მიზეზიც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თავად მევე ვარ.

საქმე იმაშია, რომ გადამკიდე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ურთულესი თემისა, აქამდე იძულებული ვიყავი და შემდგომაც იგივე კონტექსტში ასევე იძულებული ვიქნები საზოგადოების წინაშე წარმოვადგინო ნაწყვეტები, რომლებიც ხასიათდებიან ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნებით. ბუნებრივია, მათში არ არის ძალა, მიმნიჭებელი სიცოცხლისა მკითხველისათვის, რასაც აუცილებლად უნდა გულისხმობდეს სახისმეტყველების საშუალებით მოცემული მხატვრული ტილო; არ არის ანდამატი, ამაჩქარებელი სუნთქვისა, არ არის ელდა, დამვლელი ჟრუანტელისა, არ არის ბურთი, ამოჩრილი და ამობჯენილი ყელში, რის გარეშეც იმ დიადი პროცესის აღწერა, რომელსაც დავით მეფის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობა ჰქვია, არანაირად არ იქნებოდა.

ამიტომაც, ჩავთვალე საჭიროდ, გარდა ნაწყვეტებისა, სადაც რაციონალური, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების საშუალებით არის ფორმულირებული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობა, გარკვეული მორიგეობისა და ჩანაცვლების წესით შეძლებისდაგვარად გამოვაქვეყნო, აგრეთვე, ის ნაწილებიც, საიდანაც სიცოცხლე, ძალა და ენერგია ჩქეფს.

(მომიტევებს მკითხველი ისევ ზღვარს გადასულ თვითდარწმუნებას, მაგრამ მე ჩემი რომანის გმირების შესახებ სხვანაირად საუბარი, უბრალოდ, არ შემიძლია).

ნაწყვეტში, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, ჭაბუკი დავით მეფე ახალი გასულია დიდ თურქობის შედაგად დაქცეულ ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, სანთლით დაეძებს თავისი კარ-მიდამოდან აყრილ და მთაში სადღაც გამოთხრილ გამოქვაბულებში შეკედლებულ თანამემამულეებს (ჩემის ჩათვლით დღევანდელი აქამდე არნახული ემიგრაცია წარმოიდგინეთ), და ყველა შესაძლო მეთოდებითა და საშუალებებით ცდილობს როგორმე თავის სახლ-კარს დაუბრუნოს ისინი და დაქცეული ქვეყანა კვლავ რამენაირად აღაშენებინოს.

რას აღარ აკეთებს ამისათვის დავით მეფე, როგორ აღარ ძვრება ტყავიდან, დადის სოფელ-სოფელ, გორა-გორა, მხარე-მხარე არსენ ბერთან ერთად და თან აღთქმას ადებინებს ქართველ ხალხს იმგვარ ცხოვრების წესზე, რომელიც ქვეყანას ფეხზე დააყენებდა, თან პირადი მაგალითის მიცემით ამ ცხოვრების წესის მიხედვით ცხოვრებას აწყებინებს.

რათა უიმედობით დადამბლავებულ ხალხს ძალა მისცეს და სული ჩაჰბეროს, თავად კალატოზად ირჯება, დედოფალი - ხალხისათვის სადილ-სამხარის მომმზადებლად, აზნაურ-ერისთაობა – ყოველივე იმად, რასაც საჭიროება და აუცილებლობა მოითხოვს.

თავად ხალხისა და საქართველოს სიყვარულისა და მსახურების ხოშით გაჯირჯვებული ისეთ დღეში ჰყრის ხალსს, რომ იმათ, ამ დაუჯერებელი ამბებით გაოგნებულებს, თავი სიზმარში ჰგონიათ.

აი, ამ ამბებშია დავით მეფე, როდესაც ერთ-ერთი ღამით სიზმარსა ნახულობს, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ.

აქ არის მოცემული სახე ერთი ადამიანის მთელ საქართველოდ და მთელი საქართველოს ერთ ადამიანში განსხეულებისა და სახე არა მხოლოდ დავით მეფისა, არამედ თითოეული ჩვენთაგანისა, რათა კაცურად ვიყოთ, ღირსება გვქონდეს და ერთმანეთის მხარის მიცემით ისეთ ძალასა ვგრძნობდეთ, დიადი ქართული სახელმწიფოებრიობის აღშენებაზე ფიქრი არ გვეხამუშებოდეს.

(მე ამას, პირველ რიგში, იმათ გასაგონადაც ვამბობ, ვინც, იმის გამო, რომ დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში სრულიად ქართველი ერის მიერ დიადი ქართული სახელმწიფოებრიობის აღშენება ვერც წარმოუდგენია, ისევ რეალური ტუალეტის აშენებას ამჯობინებს!)

დავით მეფის სიზმარი

იმ ღამით დავით მეფემ სიზმარი ნახა – ვითომ ღმერთთან იყო ცაში ასული და ღრუბლებიდან დაბლა მიწაზე თავისი გატანჯული ხალხის ჩამომყურე ისეთი გულამოსკვნით ტიროდა, რომ მთელს საქართველოს იმისი ცრემლი კოკისპირულ წვიმად დასდიოდა.

– მარქვი, უფალო, – შეჰღაღადებდა ის უფალსა – როგორ ვუშველო ჩემსა ხალხსა და ჩემსა ქვეყანასა, ასრერიგად გატანჯულსა და გაწვალებულსა? 

– თუ ნამდვილად გწადს შველა ერისა შენისა, დავით, მაშინ არ დაინანო და მიეცი შენ მას სისხლი შენი.

დაისვა თავ–ტანზე უშურველად დავით მეფემ სატევარი. იხუვლა  სისხლმა ღრუბლებიდან და დადგა სისხლის ზღვა საქართველოში... და უარეს დღეში ჩავარდა ერი.

–  უფალო, უფალო! – მოსთქვამდა თავისი ერის ბედით უარესად გულდაკოდილი დავით მეფე.

– თუ ნამდვილად გწადს შველა, დავით, – უბრძანა უფალმა, – მაშინ ნუ დაინანებ, აღიღე ხორცი შენი და მიეცი მას!

აღიღო დავით მეფემ უსისხლოდქმნილი ხორცი თვისი, გადაუგდო ღრუბლებიდან თავის ხალხს, აღივსო ქვეყანა ლეშითა და მძორით, და უარეს მდგომარეობაში ჩავარდა ერი.

აღარ იყო დავით მეფე, მაგრამ იყო სული მეფისა დავითისა. უარესად შეჰზარა იგი ცრემლსა, სისხლსა და ლეშში ჩამღრჩვალ–მოფუთფუთე ქართველი ხალხის დანახვამ.

– გვედრებ, უფალო, უშველე როგორმე ხალხსა ჩემსა და ქვეყანასა ჩემსა! – სული მეფისა დავითისა მეტისმეტი განცდისაგან ერთიანად ცახცახებდა.

– შენ აღარა გაქვს სისხლი, დავით, რამეთუ მიეცი შენ იგი ხალხსა შენსა. შენ აღარა გაქვს ხორცი, დავით, რამეთუ მიეცი შენ იგი ქვეყანასა შენსა. შენ აღარა გაქვს თავი შენი, დავით, ჭურჭელი, დამტევი შენისა სულიერებისა, ამიტომ დღეის ამას იქით აღარ გჭირდება შენ სული შენი და აღარ იქნება იგი შენში.   

– სად არის სისხლი ჩემი? სად არის ხორცი ჩემი? სად არის სული ჩემი? – შეაჯერა სამყარო დავით მეფის გმინვამ.

პასუხად იგრგვინა, გადანათდა ზეციერება და შერავანდედი მოეფინა ყოველივეს.

– დაე, დღეის ამას იქით – ხელი აღმართა და ბრძანა უფალმა –  სისხლი, დამდინარე ყოველ ქართველში, ყოფილიყოს სისხლი დავითისა, შეწირულისა მის მიერ ერისა და ქვეყნის სამსხვერპლოზე! ხორცი, შემმოსი ტანისა ყოველი ქართველისა, ყოფილიყოს ხორცი დავითისა, მიტანილისა მის მიერ ერისა და ქვეყნის სამსხვერპლოზე!  სულთქმა თითოეულისა ქართველისა ყოფილიყოს სული დავითისა, ასრერიგად მზრუნველისა თავისი ერისა და ქვეყნის ბედ–იღბალზე! ხოლო წვიმა, დამდინარე საქართველოს მთათა და გორათა, მინდორთა და ველთა, სოფელთა და ქალაქთა ზედა, ყოფილიყოს ცრემლი დავითისა, ასრერიგად მდარდებელისა თვისისა ერისა და თვისისა ქვეყანისათვის! და ყოფილიყოს ერი ქართველი დავითიანი და ქვეყანა ქართული – სადავითო, შეკრული ერთ სისხლ, ერთ ხორც და ერთ სულ. დაე, ეკმაროს დაცემა ერსა მასა და ზე წამოიწიოს საქართველომ! დაე, ეკმაროს საწყლად ყოფნა ქვეყანასა მასა და მხრებში გაიშალოს საქართველო!

ჩაიხედა დავით მეფემ დაბლა ღრუბლებიდან და რასა ხედავს – წამოწეულა და მხრებში გაშლილა თავისი საქართველო, – ცა იცინის, ზღვა – მხიარულობს, ხოლო მიწა დგას მყარად და თავის ტანზე დაატარებს განაგისს დავითისას, ამაყსა, ძლიერსა, ღირსეულსა და ქმნილსა უძლეველ დევგმირად.

დაუვარდა კვლავ ფერხთით ბედნიერებისაგან ცას ნაწევი დავით მეფე მამაზეციერს:

– მიწამებია და დამიჯერებია შენი, უფალო, რამეთუ ჰქმენ შენ სასწაული და აღადგინე დაქცეული!

– შენ გაიღე თავი შენი საქართველოსთვის, დავით, და მიიღე საქართველო! დაე, გაიღოს თითოეულმა ქართველმაც თავი თვისი საქართველოსთვის და მიიღებს საქართველოს! – ბრძანა უფალმა და გაჰქრა.

– გმადლობ, უფალო!.. გმადლობ, უფალო!.. – თავისივე ხმამ  გამოაღვიძა, ოფლში ცურავდა და ლოყა–ყელი ცრემლებისაგანა ჰქონდა ჩამბალ–ჩაჭონჭოხებული.