პაატა მანჯგალაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: თუ რუსეთს სიმხდალე ვანახეთ, ხვალ ეს ქვეყანა გაგვიბედავს უფრო მეტს

პაატა მანჯგალაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: თუ რუსეთს სიმხდალე ვანახეთ, ხვალ ეს ქვეყანა გაგვიბედავს უფრო მეტს

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი. მისი შეფასებით, მმართველი გუნდი „სირაქლემას პოზიციაშია“.

„აქ დგას ქვეყნის ინტერესები. აქ არ არის, ვინ ვის სჯობია, ვინ უფრო მაგარი ბიჭია, ან ვინ უფრო პატრიოტია. აქ არის ქვეყნის იმიჯზე საუბარი. თუ რუსეთს სიმხდალე ვანახეთ ამ საკითხებში, ხვალ რუსეთი გაგვიბედავს უფრო მეტს და გააკეთებს უფრო მეტს. ამიტომ, აუცილებელია, „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს, საღი აზრის ლოგიკას, ჩაიწეროს ტექსტში მინიმალური, რაც არის რეალობა, რეალობას გაუსწორონ თვალი და არ იყვნენ სირაქლემას პოზიციაში და ასე მივიღოთ ერთობლივი რეზოლუცია, რადგან საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ვიღებთ ჩვენ დღეს და არა „ქართული ოცნების“ რეზოლუციას“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლად დაარეგისტრირებს. თავის მხრივ, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკუთარი პროექტი „ევროპელმა სოციალისტებმაც“ წარადგინეს.