საქართველო „ჩირგვში ჯდომის“ პოზიციის გამო შეიძლება აღმოჩნდეს რკინის ფარდის მიღმა, რომელიც თავისუფალ სამყაროს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან გაყოფს

საქართველო „ჩირგვში ჯდომის“ პოზიციის გამო შეიძლება აღმოჩნდეს რკინის ფარდის მიღმა, რომელიც თავისუფალ სამყაროს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან გაყოფს

რონდელის ფონდის მკვლევარის, გიორგი ბადრიძის განცხადებით, საქართველოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში „ჩირგვში ჯდომის პოზიცია“ აქვს, რითაც თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს რკინის ფარდის მიღმა, რომელიც თავისუფალ სამყაროს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან გაყოფს.

როგორც გიორგი ბადრიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველოს არჩეული აქვს უკრაინისგან გამიჯვნის პოლიტიკა და ამის ახსნა მხოლოდ სიფრთხილით, არასწორია.

„მე არ ვიცი, რა საიდუმლო ქმედებებს გულისხმობს ბატონი ზალკალიანი, როცა ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს. ის, რაც ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის ხილული, ნამდვილად არც საკმარისია და არც ადეკვატური. უფრო გულწრფელი თუ იქნება ბატონი მინისტრი, იტყვის, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ფრთხილი პოზიცია დაიკავოს, რათა არ გააღიზიანოს რუსეთი და არ გამოიწვიოს მისი რისხვა. ეს იქნებოდა პასუხისმგებლობიანი მიდგომა, რომ არა ის საფრთხეები, რომელიც დაკავშირებულია სწორედ ჩირგვში ჯდომის პოზიციასთან. დღეს არის ვითარება, როდესაც თავისუფლად შეიძლება ვიხილოთ ახალი რკინის ფარდა, რომელიც გაყოფს თავისუფალ სამყაროს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან. ასეთი პოზიციით საქართველო თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს ამ რკინის ფარდის მიღმა, რადგან ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ემიჯნება უკრაინასაც და უკრაინის გამო დასავლეთის სანქციებსაც. ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული, რომ საქართველო აქტიურად არ თანამშრომლობს თავის ყველაზე ახლო სტრატეგიულ მოკავშირესთან, უკრაინასთან, ყველაზე მნიშვნელოვან, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. ჩვენ და უკრაინას პრობლემები იდენტური გვაქვს, ასევე გარე საფრთხეებიც, თუმცა საქართველო წლების განმავლობაში მიზანმიმართულად არის გამიჯნული უკრაინისგან. რაც არ უნდა გააკეთოს ახლა საგარეო საქმეთა მინისტრმა თუ სხვამ, ძალიან კარგად ახსოვს ყველას, როგორ უხსნიდა დასავლეთის წარმომადგენლებს და მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ღარიბაშვილი, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არანაირად არ არის კავშირში იმასთან, რასაც საქართველოში აკეთებს რუსეთი და რომ რუსეთთან საქართველოს პრაქტიკულად დალაგებული ჰქონდა ურთიერთობა. გამართლების მცდელობა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ რეალობა აჩვენებს იმას, რომ საქართველოს აქვს არჩეული უკრაინისგან გამიჯვნის პოლიტიკა და ამის ახსნა მხოლოდ სიფრთხილით, არასწორია. ასეთი პოზიცია სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. მხარდაჭერა და სოლიდარობაა, როდესაც ქვეყანას სჭირდება დაცვა აგრესიისგან და ის იღებს ბევრად უფრო ხელშესახებ დახმარებას, როგორსაც ნამდვილი პარტნიორები უგზავნიან უკრაინას. მაგალითად, შეიარაღებას. შეიძლება საქართველოს არ ჰქონდეს საშუალება, რომ უკრაინას შეიარაღება გაუგზავნოს, მაგრამ სულ მცირე, უეჭველი ფაქტია, რომ საქართველო უკრაინასთან არ თანამშრომლობს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში“, - განაცხადა ბადრიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არანაირი მოლოდინი არ აქვს, მსგავს კრიტიკულ მომენტში საქართველოს პრეზიდენტის პოზიციის დაფიქსირების, თუმცა, განმარტა, რომ უფრო მნიშვნელოვანია ამ საკითხზე სერიოზული განცხადება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა გააკეთოს.

„არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რადგან კრიტიკულ მომენტებში, სამწუხაროდ, ნანახი გვაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. მეორეც, უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა აიღოს თავზე პასუხისმგებლობა და გააკეთოს რაიმე სერიოზული განცხადება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხმა ამ თემაზე საერთოდ არ ისმის. ახლა არის სწორედ ის დრო, როდესაც უკრაინის ყველა მოკავშირის და მეგობარი ქვეყნის პოზიცია უნდა იყოს ჩამოყალიბებული. საქართველო არც რუსეთის გულს იგებს ამგვარი ქცევით. ის, რომ საქართველო უბრალოდ იმალება, არც რუსეთთან ცვლის განსაკუთრებით ვითარებას. რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში თავისი გეგმის მიხედვით მოქმედებს და ზუსტად ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ უკრაინასთან როცა მორჩება, შემდეგი ისევ საქართველო იქნება. ეს როგორც ჩანს, ხელისუფლებაში არ ესმით. თუ მოხდება ისე, რომ რუსეთი თავისი გავლენის სფეროს დაიმკვიდრებს ძალით, მაშინ, როდესაც საქართველო თავისი უსაფრთხოების და დასავლური არჩევანის მთავარი ჭირისუფალი არ არის, ძალით ჩვენ დასავლეთში არავინ წაგვათრევს და არავინ შემოვარდება რუსეთისგან ჩვენს დასაცავად. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ჩვენი ხელისუფლება არ ცდილობს ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის და თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა ბადრიძემ.

ამასთან, მისივე შეფასებით, საქართველოს მსგავს ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას განიცდიან, არათუ ევროკავშირში არ მიიღებენ არასდროს, არამედ, მათი მხრიდან განცხადება ევროკავშირში წევრობაზეც კი, უბრალოდ არასერიოზული იქნება.

„ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების აბსურდულობა იქნება პირველ რიგში ამ ხელისუფლების დემოკრატიული უკუსვლით და არა უსაფრთხოების სფეროში რაიმე ქმედებებით და უკრაინასთან სოლიდარობის არქონით. არ დარჩენილა ევროპული ინსტიტუტი ან პოლიტიკურ ლიდერი, რომელსაც ღიად არ ეთქვას, რომ საქართველო წლების განმავლობაში განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებას. ქვეყნებს, რომლებიც ასე იქცევიან, არათუ ევროკავშირში არ მიიღებენ არასდროს, არამედ, მათი მხრიდან განცხადება ევროკავშირში წევრობაზე უბრალოდ არასერიოზული იქნება ამ ვითარებაში“, - განაცხადა ბადრიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ ეთანხმება შეფასებებს და კრიტიკას, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში ოფიციალური თბილისი „დუმილის პოლიტიკას“ იკავებს. როგორც ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, საქართველო უკრაინის მხარდამჭერ პოზიციებს ჯერ კიდევ ნოემბრიდან, მას შემდეგ აფიქსირებს, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან საკუთარი შენაერთების განთავსება დაიწყო.

ზალკალიანმა ის ნაბიჯებიც ჩამოთვალა, რაც, მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერას ადასტურებს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებების გაკეთების კუთხით კრიტიკა არ ყოფილა და ეს არის ოპოზიციის ნარატივი, თითქოს მმართველი გუნდი რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის განმახორციელებელია. მისივე თქმით, მსგავსი შეფასებები მიუღებელია იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ოკუპაცია დაუშვეს.