დღეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არის არა მოსახლეობა, არამედ ერთ შემთხვევაში სახელისუფლებო ნომენკლატურა და მის ირგვლივ არსებული ბიზნესმენთა წრე, ხოლო მეორე შემთხვევაში ყოფილი სახელისუფლებო ნომენკლატურა და ყოფილი ბიზნესმენები. 10-დან 9 ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია, უარს ამბობს როგორც ერთ, ისევე მეორე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერაზე -თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, 2024 წელს შესაძლოა, გაცილებით უფრო ერთპარტიული პარლამენტი მივიღოთ, ვიდრე დღეს გვაქვს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი 2 წელია მოწყვეტილია საზოგადოებას, მოსახლეობას და მათ ინტერესებს.
„ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სოციალურ კვლევებს სიზუსტე არ აქვს, მაგრამ ყოველთვის ყველა კვლევა აჩვენებს ტენდენციებს. თუ გამოკითხულთა მხოლოდ 41%-ია, რომელიც თვლის, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ არის მის შეხედულებებთან ახლოს, მაშინ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად გვქონია საქმე. მე მგონია, რომ 41% კი არა, გაცილებით მეტია ასეთი ადამიანების რაოდენობა, რადგან პოლიტიკური სპექტრი 2 წელია მოწყვეტილია საზოგადოებას, მოსახლეობას და მათ ინტერესებს. პოლიტიკურ სპექტრს და მის ელიტას ერთი ინტერესი აქვს და მოსახლეობის პრობლემები სად არის, როგორ არის, ვინ რას უყურებს და ა.შ. საერთოდ არ ისმის. არასდროს 70 წლის განმავლობაში საფრთხე ჩვენს დამოუკიდებლობას იმდენად მაღალი არ ჰქონია, როგორიც დღეს აქვს უკრაინაში და ზოგადად მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი გადასულია იმაზე, სააკაშვილი უნდა გამოუშვან თუ არ უნდა გამოუშვან, როცა ქვეყნის უსაფრთხოების თემა, რომელიც დამოუკიდებლობაზეა მიბმული, არის საფრთხის ქვეშ. უამრავი პროცესი მიდის მოსახლეობაში, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი 2 წელი დაკავებულია თემებით, რომელიც მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის საინტერესო არ არის.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და მას, რა თქმა უნდა, მხარდამჭერები ჰყავს, თუნდაც ის რესურსი, რასაც სახელისუფლებო რესურსი ჰქვია და მის ირგვლივ დასაქმებული, თუ დასაქმების მომლოდინე აუდიტორია, ამიტომ გასაგებია 24% და „ნაციონალური მოძრაობაც“ დაახლოებით ასეა, უბრალოდ ეს 9% ყოფილი სახელისუფლებო რესურსის ნაწილია ძირითადად.
კატასტროფაა, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალის რეიტინგი ჩამოდის ასე დაბლა და ზუსტად ვიცი, ძირითადად ვინ არის მათი მხარდამჭერი - სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები, რომლებზეც ხელისუფლებას აქვს გავლენა, თორემ ადამიანი, რომელიც არის დამოუკიდებელი, 10-დან 9 უარს ამბობს როგორც ერთ, ისევე მეორე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერაზე“, - განაცხადა ძაბირაძემ.
ძაბირაძემ ასევე, ისაუბრა სხვა პოლიტიკურ პარტიებზე და აღნიშნა, რომ მათ შეცდომა დაუშვეს, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა დაიწყეს, ამიტომ თუ ეს პარტიები განსხვავებულს არ შესთავაზებენ საზოგადოებას, საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან.
„წვრილმა პარტიებმა, რომლებსაც პრობლემა ჰქონდათ, რომ საკუთარი ამომრჩეველი შეენარჩუნებინათ და ეზრუნათ მათ გაზრდაზე, ყველაფერი გააკეთეს, რომ პირიქით მომხდარიყო და ამომრჩეველი დაეკარგათ. შეცდომაა, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ზიხარ და ერთიან გეგმას ამუშავებ. ამ პარტიებს უნდა სცოდნოდათ, ვინ არის მათი ამომრჩეველი და მათ რა აწუხებთ. თუ მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მისვლა უნდოდათ, ისედაც მივიდოდნენ და თუ შენთან მოვიდა, ე.ი. განსხვავებულია მისგან. თუ ეს პარტიები განსხვავებულს არ შესთავაზებენ საზოგადოებას, საერთოდ გაქრებიან“, - აღნიშნა ძაბირაძემ.
პოლიტოლოგის შეფასებით, თუ პოლიტიკური სპექტრი გადაჯგუფდა, აღნიშნულ მოცემულობაში რაღაც კორექტივების შეტანა შესაძლებელია.
„კარგი იქნება, თუ წვრილი პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს არჩევნებში, რაღაცნაირად მოიფიქრებენ და ერთიან ბლოკს შექმნიან, რომელიც თავს დაანებებს “ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ ფორმას და დაიწყებენ ძებნას იმ პრობლემებისა, რომელიც მოსახლეობისთვის არის საინტერესო. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, 2024 წელს შესაძლოა, გაცილებით უფრო ერთპარტიული პარლამენტი მივიღოთ, ვიდრე დღეს გვაქვს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის გამოკითხულთა 24%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 41% კი არც ერთ პარტიას.