შალვა პაპუაშვილი: ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რისკები არის ყოველდღიური და ყოველწამიერი - საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოქმედებს

შალვა პაპუაშვილი: ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რისკები არის ყოველდღიური და ყოველწამიერი - საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოქმედებს

ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია - საოკუპაციო ძალებია განთავსებული. აქედან გამომდინარე რისკები არის ყოველდღიური და ყოველწამიერი. საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოქმედებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

იგი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სოფელ მეჯვრისხევთან ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს.

მისი თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანას დამატებით უსაფრთხოების პრობლემები არ შეექმნას.

„ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია - საოკუპაციო ძალებია განთავსებული. აქედან გამომდინარე რისკები არის ყოველდღიური და ყოველწამიერი. საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოქმედებს. მისი ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია უსაფრთხოების განმტკიცებით ერთი მხრივ და იმით, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას დამატებით საფრთხეები არ შეექმნას. ეს გახლდათ მათ შორის, ნატოში ჩემი ვიზიტის შინაარსი, რომ პარტნიორებთან გვქონოდა კომუნიკაცია და გვქონოდა ერთგვაროვანი პოზიცია რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მეჯვრისხევთან უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს სუსში არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება.