შალვა პაპუაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდისთვის მთავარი კვლევა არჩევნებია, რომლებზეც მოსახლეობამ საკუთარი ნება რამდენიმე თვის წინ გამოხატა.
„ჩვენ ყველაზე რელევანტური და ლეგიტიმური კვლევა გვქონდა სულ რაღაც 2 თვის წინ, როდესაც ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ვნახეთ, რომ ამ არჩევნებზე მოხდა როგორც ხალხის ნების გამოხატვა და დაფიქსირდა ის პოლიტიკური წონა, რომელიც ამა თუ იმ პარტიას აქვს, ასევე წარდგენილი იყო პროგრამები, სადაც საუბარი იყო სხვადასხვა მიმართულებაზე. ხალხმა არჩევანი გააკეთა ამა თუ იმ მიმართულებასთან დაკავშირებით.
ამიტომ, ჩვენთვის მთავარი კვლევაა არჩევნები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს არჩევნები სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ იყო. ასე რომ, ჩვენ გვესმის როგორც ჩვენი მოსახლეობის წუხილები და ის გამოწვევები, რაც სახელმწიფოს აქვს, ასევე ვაცნობიერებთ იმ ლეგიტიმაციას, რომელიც გააჩნია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და რომელიც დადასტურდა ერთი წლის განმავლობაში ორ არჩევნებზე. სხვა პარტიებთან შედარებით, „ქართულ ოცნებას“ დღეს მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.