შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელში შეხვედრებმა აჩვენა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება და ეს დადასტურდება მადრიდის სამიტზეც

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელში შეხვედრებმა აჩვენა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება და ეს დადასტურდება მადრიდის სამიტზეც

ბრიუსელში შეხვედრებმა აჩვენა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება და ეს დადასტურდება მადრიდის სამიტზეც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეხვედრა გვქონდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან. მქონდა შესაძლებლობა, სიტყვით მიმემართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისთვის და მონაწილეობა მიმეღო დისკუსიაში. ამ შეხვედრებმა აჩვენა რამდენიმე რამ – ერთი, ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება და ეს დადასტურდება ზაფხულში მადრიდის სამიტზე. გარდა ამისა, მივიღეთ შემოთავაზება, მადრიდის სამიტზე განსახილველი ნატოს სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაშიც მივიღოთ მონაწილეობა, შევთავაზოთ ჩვენი წინადადებები, რათა ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი იდეები შევთავაზოთ სტრატეგიული დოკუმენტისთვის.

გარდა ამისა, საუბარი გვქონდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, ამ კუთხით გვაქვს სრული კოორდინაცია და სრული ურთიერთგაგება ჩვენს ნატოელ კოლეგებთან. ამ დროს, როდესაც ასეთი უსაფრთხოების გამოწვევებია, სწორედ ამ კოორდინაციისა და კომუნიკაციის საფუძველზე მოქმედებს როგორც საქართველოს მთავრობა, ისე პარლამენტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.