ყოველთვის მივიჩნევდი და კვლავ მივიჩნევ, რომ უმჯობესი იქნება, თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.
„ბუნებრივია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მისაღები გადაწყვეტილება. ეს ამ პარტიის შიდა სამზარეულოა. მე პირადად ყოველთვის მივიჩნევდი და კვლავ მივიჩნევ, რომ უმჯობესი იქნება, თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ეს გააძლიერებს საპარლამენტო პროცესსა და პოლიტიკურ სისტემას“, - განაცხადა გეგელიამ.
ფრაქციის დაანონსებული სხდომა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არ გაიმართა. მიზეზად, პარტიის წევრების კოვიდ 19-ით ინფიცირება დასახელდა. ამ სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო, რა ფორმით გააგრძელებდა „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო საქმიანობას.
ცნობილია, რომ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი მიზნით დაესწრება - უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა.