ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი „ომიკრონის“ შემთხვევაში არის ძალიან დაბალი - 1, ან 2%. ჩვენ დღეს ვართ დაახლოებით 5%-იან ჰოსპიტალიზაციაზე და ამ პირობებში, დაახლოებით მობილიზებული საწოლფონდის 55% თავისუფალია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, მოიმატებს თუ არა შემთხვევების რაოდენობა, ამის პროგნოზირება რთულია.
„შემდეგი მატების პროგნოზები ციფრებში არსებობს. ჩვენ ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზებს ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ. დღეს გამოვლენილი 15 000 შემთხვევიდან შესაძლებელია, კიდევ ერთი ამდენი იყოს დაინფიცირებული, რომელიც უსიმპტომოა და მიმდინარეობს ძალიან მსუბუქად, ისე რომ პირი ამას ვერც ამჩნევს. შესაძლებელია იყოს მატება, შესაძლებელია დავრჩეთ 15000-ზე, შესაძლებელია იყოს უფრო მეტიც“, - აღნიშნა გაბუნიამ.
დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 075 154 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 972 745, გარდაიცვალა 14 774 პაციენტი.