საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, პირადად მისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა, ამომრჩევლის პატივისცემის გამო, სასურველად მიიჩნევს, ეს პარტია პარლამენტის მუშაობაში ჩაერთოს.
„სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის სულერთია, „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა თუ არა პარლამენტში. თუ შემოვლენ, ეცდებიან, რომ მაქსიმალურად დესტრუქციულები იყვნენ, გარეთ თუ იქნებიან, იქაც იგივეს ეცდებიან. ისინი იმისთვის აირჩიეს, რომ პარლამენტში ისხდნენ, მათგან განსხვავებით, მე მათ ამომრჩეველს პატივს ვცემ და ვარჩევდი, რომ შემოსულიყვნენ“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.
საპარლამენტო საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ამ დრომდე, პარტიაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კვლავ საპარლამენტო საქმიანობაში დესტრუცქიის შეტანას შეეცდებიან.