7 ნოემბრის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებები წარადგინეს. საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამტკიცებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა დასტურდება როგორც 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ასევე ბადრო პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის ეპიზოდში.
„ამ ვიდეოკადრებით კიდევ ერთხელ დასტურდება შემდეგი - პირადად მიხეილ სააკაშვილი სთხოვდა და მოითხოვდა ბადრი პატარკაციშვილისგან, რომ ტელევიზიებს არ უნდა ჰქონოდათ სიუჟეტები, რომლებიც აფეთქების ტოლფასი იქნებოდა მაშინდელი ხელისუფლებისთვის. არ უნდა ყოფილიყვნენ კრიტიკულები, თუმცა ჩვენ ასეთი „აფეთქებები“ სიუჟეტების სახით ვიხილეთ გირგვლიანის თემაზე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემაზე. მაშინდელი „იმედი“ იყო კრიტიკული მაუწყებელი. სწორედ ამის გამო დაუპირისპირდნენ ბადრი პატარკაციშვილს. კადრებში ნახეთ გიორგი უგულავას შეხვედრა ბადრი პატარკაციშვილთან, სადაც პირდაპირი ტექსტით არის საუბარი იმაზე, რომ მათ შორის გაევლო წითელი ხაზები და ფაქტობრივად შინაარსი იყო, რომ ბადრი პატარკაციშვილი იყო მათი მტერი და მიიღებდა საპასუხო დარტყმას ხელისუფლებისგან. ჩვენ ყველამ ვიხილეთ რა იყო ეს დარტყმები - ეს იყო „იმედის“ დარბევა, ეს იყო ქონების წართმევა მისი ოჯახისთვის და ყველა ის დანაშაული, რომლის ავტორი და დამკვეთი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა წიკლაურმა.
სახელმწიფო ბრალდება ექსპრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის ძალით დაშლას, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად დაუფლებას ედავება. ამ საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებული არიან ასევე: ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით აღნიშნულ საქმეში სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
საქმის განხილვას მიხეილ სააკაშვილი პირველად 2021 წლის ნოემბერში დაესწრო და სხდომა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.