„ალიასკის სამიტის ის ნაწილი, როდესაც დონალდ ტრამპი ზელენსკის და ევროპის ლიდერებს შეხვდა და [რომელიც რუსეთ-უკრაინას ეხებოდა], ბუნებრივია, ჩიხში შევიდოდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პუტინისთვის უკრაინაში NATO-ს კონტიგენტის ჩინეთის გარეშე განლაგება, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნებოდა.
„ვერ დაიყოლიეს პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობაზე, რადგან ამის უკან იდგა დანარჩენი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან საინტერესო ფორმით უზრუნველყოფდნენ - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის შეიარაღებული ძალები.
ამ ყველაფერზე კი პუტინს ძალიან საინტერესო რეაქცია ჰქონდა, რომელიც, ფაქტობრივად, NATO-ს შეიარაღებული კონტიგენტის განლაგებას დათანხმდა, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავალსაზრისით, ოღონდ, ძალიან მნიშვნელოვანი დათქმით - ამ სამეულს უნდა შეერთებოდა ჩინეთის სამხედრო კომპონენტი. ჩინეთის, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ნეიტრალურ პოზიციას, რომელიც ცდილობდა უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი ეთამაშა, მაგრამ მისი ყოველი მცდელობა იგნორირებული იყო. ახლა კი იქმნებოდა ის ხელსაყრელი მომენტი, როდესაც ჩინეთი დააბალანსებდა NATO-ს იმ კონტიგენტს, რომლის ჩინეთის გარეშე განლაგება უკრაინაში, პუტინისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნებოდა“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.