სტატისტიკური მონაცემებით, შეიძლება ითქვას, პიკზე ვართ. შაბათ-კვირას მომართვიანობა გაიზარდა. თერაპიულ განყოფილებაში წევს 90-მდე პაციენტი, რეანიმაციულში 30, - ამის შესახებ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორმა, მირზა ხინიკაძემ განაცხადა. მისივე ცნობით, სტაციონარებში თავისუფალი ადგილები კვლავ არის.
„მომართვიანობის გაზრდის მიუხედავად, სტაციონარში თავისუფალი ადგილები მაინც რჩება. მეექვსე ტალღა გაცილებით მარტივად მიმდინარეობს და შედარებით უფრო ნაკლები გართულება აქვს. ამის მიუხედავად, [ინფიცირებულთა] რაოდენობა მაინც იზრდება და ამ რაოდენობიდან გამომდინარე, მაინც რჩება სტაციონარული პაციენტების საკმაოდ მაღალი ციფრები“, - ამბობს ხინიკაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 059 392 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 967 585, გარდაიცვალა 14 732 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.