დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდი შედგება ძლიერი ლიდერებისგან, რომელთა შორის არის სრული კოორდინაციაა და მეგობრული ურთიერთობები. სწორედ ეს არის საიდუმლო იმ წარმატებებისა, რომელიც გასული წლის განმავლობაში გვქონდა

დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდი შედგება ძლიერი ლიდერებისგან, რომელთა შორის არის სრული კოორდინაციაა და მეგობრული ურთიერთობები. სწორედ ეს არის საიდუმლო იმ წარმატებებისა, რომელიც გასული წლის განმავლობაში გვქონდა

ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის ერთი წელი შეაჯამა. მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მმართველი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იყო და ერთადერთი, რასაც შეეძლო ამხელა დანაკლისის კომპენსირება გუნდის ერთიანობა იყო. კობახიძე „ქართული ოცნების“ წარმატების საიდუმლოდ გუნდურ მუშაობას მიიჩნევს.

„დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდი შედგება ძლიერი ლიდერებისგან. ამ სიძლიერესთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ არის სრული კოორდინაციაა და მეგობრული ურთიერთობები გუნდის ლიდერებს შორის. სწორედ ეს არის საიდუმლო იმ წარმატებებისა, რომელიც გვქონდა გასული ერთი წლის განმავლობაში. სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ პოლიტიკური პრობლემების გადალახვა“, - ამბობს კობახიძე.

მისვე თქმით, რადიკალური ოპოზიციისა და მისი ლიდერის - სააკაშვილის გეგმა - ქვეყანა ჩიხში შეეყვანათ - ჩავარდა და სწორედ რადიკალების შესუსტებაა მისი და გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა. მან იმ სტრატეგიაზეც ისაუბრა, რომლის შედეგადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია გამყარდა.

„პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყავით 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა, რაც გახდა საფუძველი ამ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დაძლევისათვის და შემდგომ წარიმართა პოლიტიკური პროცესები ისე, რომ მთლიანობაში ოპოზიცია დასუსტდა და გამოეცალა ყოველგვარი საფუძველი საუბრისათვის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. და, რა თქმა უნდა, აქ გადამწყვეტი როლი შეასრულა ოქტომბრის მუნიციპალურმა არჩევნებმა, მართალია, ანულირებული იყო იმ დროისთვის ეს დოკუმენტი, მაგრამ ვირტუალური 43%-იანი ბარიერი მაინც იყო რაღაც კუთხით ძალაში და შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ამ ვირტუალური ბარიერის გადალახვა და ჩვენ, გუნდის ერთიანობით, მოვახერხეთ ამ ბარიერის დაძლევა და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ პოლიტიკური გამოწვევები სათანადოდ დავძლიეთ“, - ამბობს კობახიძე.