საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლება როგორ ეტყვის, რა კატეგორიულობით მოსთხოვს, ყოფილი პრეზიდენტი როგორ გყავთ ციხეშიო, როდესაც მას იგივე მდგომარეობა აქვს ახლა

საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლება როგორ ეტყვის, რა კატეგორიულობით მოსთხოვს, ყოფილი პრეზიდენტი როგორ გყავთ ციხეშიო, როდესაც მას იგივე მდგომარეობა აქვს ახლა

მიხეილ სააკაშვილი არ დაიკარგება, თავის თავს მიხედავს. საქართველოში ჩამოსვლა მისი არჩევანი იყო - საქართველო არ არის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა-არ ყოფნის მძევალი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უკრაინას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის არ სცალია.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდეს ყოფილ პრეზიდენტს.

„მიშა სააკაშვილის მხარდამჭერებში ვისაც გაუხარდა პოროშენკოს სისხლის სამართლებრივი დევნა და მისი ქონების დაყადაღება, ელემენტარულად, მას არ აქვს გააზრებული, რომ ამით დაიზარალა თავი და სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება როგორ ეტყვის, რა კატეგორიულობით მოსთხოვს, რომ თქვენი ყოფილი პრეზიდენტი როგორ გყავთ ციხეშიო, როდესაც მას იგივე მდგომარეობა აქვს ახლა.

უკრაინას არ სცალია სააკაშვილისთვის. მე ვგულშემატკივრობ პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს, მას აქვს უფლება სრული, სამართლიანი სასამართლოსი. მისთვის არ არის კარგი მდგომარეობა.

მიხეილ სააკაშვილი არ დაიკარგება, თავის თავს მიხედავს. ჩამოსვლა მისი არჩევანი იყო, მაგრამ საქართველო მიხეილ სააკაშვილამდე არსებობდა, სააკაშვილის დროსაც არსებობდა და სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნამდეც იარსებებს და შემდეგაც. საქართველო არ არის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა-არ ყოფნის მძევალი. ხელისუფლებას უნდა, რომ მუდმივად იყოს ლაპარაკი მხოლოდ სააკაშვილზე, რომელიც შიმშილობს თუ არ შიმშილობს, ავად არის თუ არ არის ავად, დასახიჩრდა თუ არ დასახიჩრდა“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.