CNN: აშშ-ის დაზვერვას ინფორმაცია აქვს, რომ რუსეთი უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება, რათა შეჭრისთვის საბაბი შექმნას

CNN: აშშ-ის დაზვერვას ინფორმაცია აქვს, რომ რუსეთი უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება, რათა შეჭრისთვის საბაბი შექმნას

აშშ-ის დაზვერვას ინფორმაცია აქვს, რომ რუსეთი უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება, რათა შეჭრისთვის საბაბი შექმნას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-ის მტკიცებულება აქვს, რომ ის ძალები, რომლის გამოყენებასაც რუსეთი აპირებს, გაწვრთნილნი არიან ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების წინააღმდეგ დივერსიული აქტების განხორციელებას გეგმავენ.

„რუსი სამხედროები ამ მოქმედებების დაწყებას სამხედრო შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე გეგმავენ, რომელიც იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე პერიოდში შეიძლება დაიწყოს“, - განუცხადა CNN-ს ოფიციალურმა პირმა.

13 იანვარს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია შექმნას ყალბი მიზეზი უკრაინაში შესაჭრელად.

ჯეიკ სალივანის თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის საფრთხე მაღალია და აშშ და ევროპელი მოკავშირეები მზად არიან ნებისმიერი სიტუაციისთვის.