დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთით შემოვიდა და ჩაიდინა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება მტკიცებულებების გამოკვლევას, სასამართლო პროცესზე დაიკითხა ელგუჯა ცომაია, რომელმაც დეტალურად იმსჯელა და განმარტა, თუ ვინ სთხოვა დახმარება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ შემოეყვანა სახელმწიფო საზღვარზე, ასევე რა გზით შემოიყვანა, რა ფორმით, სად გადაადგილდებოდნენ, ეს ყველაფერი დეტალურად ახსნა. საათნახევარი მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, რომელიც საერთოდ კავშირში არ იყო საქმესთან. მიუხედავად დაანონსებისა დაცვის მხარის მხრიდან, რომ საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით მის პოზიციას მოვისმენდით, ჩვენ საერთოდ არ მოგვისმენია საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მისი პოზიცია. ეს ნათელი დადასტურებაა, რომ დანაშაული არის ფაქტი, დანაშაული არის უტყუარ მტკიცებულებად დადასტურებული და სათქმელი ამ საკითხზე არ აქვს“, - აღნიშნა პროკურორმა.
დღეს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილა. პროცესს ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. სახელმწიფო ბრალდების მიერ, ლორთქიფანიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.