ბექა ბასილაია: სააკაშვილის სიტყვა იმით დაიწყო, რომ მისთვის ამ პროცესის ფარგლებში მთავარია გათავისუფლდნენ შალვა და ზურაბ წოწორიები, გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა ცომაია

ბექა ბასილაია: სააკაშვილის სიტყვა იმით დაიწყო, რომ მისთვის ამ პროცესის ფარგლებში მთავარია გათავისუფლდნენ შალვა და ზურაბ წოწორიები, გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა ცომაია

მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება არ შეიძლება შეფასდეს როგორც რაღაც პროცედურების დარღვევა. ეს არის მესამე პრეზიდენტის საკუთარ ქვეყანაში უკან ჩამოსვლა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია საქმე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

„სააკაშვილის სიტყვა იმით დაიწყო, რომ მისთვის ამ პროცესის ფარგლებში მთავარია გათავისუფლდნენ ბატონები შალვა და ზურაბ წოწორიები, ბატონი გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა ცომაია. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დანაშაული არ აქვთ მათ ჩადენილი, ჩვენ დღესაც პროცესზე გავაჟღერეთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდნენ ეს უაღრესად ღირსეული ქართველი ადამიანები“, - განაცხადა ბასილაიამ.

დღეს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილა. პროცესს ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. სახელმწიფო ბრალდების მიერ, ლორთქიფანიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.