მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი, თითქოს არ უნდა რეალობას თვალი გაუსწოროს - „ნაცმოძრაობა

მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი, თითქოს არ უნდა რეალობას თვალი გაუსწოროს - „ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები ცდილობენ ამ ბოდვაში გაამართლონ სააკაშვილი

სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი, თითქოსდა რეალობას არ უნდა თვალი გაუსწოროს, თავად „ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები ცდილობენ ამ ბოდვაში გაამართლონ სააკაშვილი,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადება, რომ არჩევნები მათ მოიგეს, არის იმის ინდიკატორი, თუ რა მდგომარეობაშია სააკაშვილი პიროვნულად.

„საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე არავინ საუბრობს და პოლიტიკური განცხადებები ვიხილეთ. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, ეს არის არშემდგარი შეთქმულება და გარკვეული განცხადებების გაკეთება იმისთვის, რომ იქნებდა ისევ დაბრუნდეს ეს პროცესი დესტაბილიზაციის საერთო გეგმაში, რომელსაც სააკაშვილი მისდევდა, როცა კვეთდა საზღვარს. ჯერ დააჯერეს, რომ გადმოკვეთდა საზღვარს და მის გარშემო მთელი საქართველო გაერთიანდებოდა რევოლუციისთვის, შემდეგ დააჯერეს, რომ აღშფოთებული ხალხი გამოაცხადებდა დაუმორჩილებლობას და გამოიხსნიდა საკნიდან, შემდეგ დააჯერეს ან დაიჯერა ის, რომ არჩევნებში გამარჯვებული "ნაცმოძრაობაა". ეს ინდიკატორად შეიძლება მივიღოთ რა მდგომარეობაშია პიროვნულად, რეალობის და ფანტაზიების ერთმანეთთან დაპირისპირებაში რა შეიძლება წარმოთქვას ადამიანმა, როცა კონკრეტული დანაშაულებისთვის ასამართლებენ და ეს არის მინიმუმი იმ დანაშაულებიდან, რაც მან ჩაიდინა,"- განაცხადა ვოლსკიმ.