მიხეილ სარჯველაძე: საქმის განხილვის დროს უნდა იყოს საუბარი საქმეზე, პოლიტიკაზე საუბრისთვის არსებობს სხვა ასპარეზი

მიხეილ სარჯველაძე: საქმის განხილვის დროს უნდა იყოს საუბარი საქმეზე, პოლიტიკაზე საუბრისთვის არსებობს სხვა ასპარეზი

საქმის განხილვის დროს უნდა იყოს საუბარი საქმეზე, პოლიტიკაზე საუბრისთვის არსებობს სხვა ასპარეზი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„როდესაც აცხადებს [მიხეილ სააკაშვილი], რომ არის პოლიტიკური დევნისა და მართლმსაჯულების მაგალითი კონკრეტული მსჯავრდება, იქვე დასვით კითხვა, მაგალითად საზღვრის უკანონო კვეთას მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა თუ არა ადგილი და ეს საკმარისი საფუძველია თუ არა, რომ აღიძრას საქმე?! საქმის განხილვის დროს უნდა იყოს საუბარი საქმეზე, პოლიტიკაზე საუბრისთვის არსებობს სხვა ასპარეზი. როდესაც დასჭირდება სასამართლო სხდომაზე ასეთი წარმოდგენის დადგმა, რომ ის საუბრობს რაღაც საკითხზე და არა სამართლებრივ საკითხებზე, ის ყველა ტრიბუნას გამოიყენებს“,- განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. სახელმწიფო ბრალდების მიერ, ლორთქიფანიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.