რამდენად გაუჭირდათ მესიჯბოქსში, რომ დასავლეთზე უარი თქვა „ქართულმა ოცნებამო“. თითქოს მარტო კახა კუჭავა იყო პროდასავლური მიმართულების ლიდერი და სხვა ყველა დანარჩენი მათი გაგებით სხვა მიმართულებებზე ვფიქრობთ. ეს ხომ ტყუილია. ამას როცა იგონებ, უბრალოდ შენ თანამშრომლებს, პარტიულს, მედიურს, არ უნდა კადრო რომ გაახმოვანოს, იმდენად უსუსური არგუმენტია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა. მან კუჭავას საკანონმდებლო ორგანოს რთულ პერიოდში ხელმძღვანელობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო მომავალ თავმჯდომარეს - შალვა პაპუაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„კახა კუჭავას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ძალიან რთულ პერიოდში, პარლამენტის ძალიან კარგი ხელმძღვანელობისთვის. მას 2018 წლიდან აქვს ძალიან კარგი იდეა, რომელზეც მისივე თხოვნით ჩვენ ჯერ ვერ ვსაუბრობთ და ეს შეიძლება კარგი სიურპრიზი იყოს 3-4 თვის შემდეგ. მე დაახლოებით ვადასაც გეუბნებით და ამ პროექტთან დაკავშირებით ის კიდევ უფრო ვერ ახერხებდა მუშაობას, საერთოდ მოწყდა ამ მიმართულებას და პირად საუბრებში ეს წუხილები მაქვს ჰქონდა.
რაც შეეხება პაპუაშვილის სიხისტეს, ეს საერთოდ საიდან მოიტანეთ არ ვიცი, რომელი ვართ აქ ხისტი და რომელი არახისტი - როგორ გვაფასებთ არ ვიცი. ამას საზოგადოება აფასებს. შალვა არის ძალიან განათლებული, პრაგმატული რაციონალური აზროვნების ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ამპლუაში ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერი, ერთ-ერთი საუკეთესო ხელმძღვანელი და ქვეყანაში სადაც საპარლამენტო როლი არის ძალიან გაზრდილი, ეს არის უსერიოზულესი გამოწვევა და მე მას წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მიმდინარე კვირაში უყრიან კენჭს. ქვეყნის მომავალი პირველი კანონმდებელი ოთხშაბათს, რიგგარეშე სესიაზე, კოლეგების წინაშე სიტყვით წარდგება, სამოქმედო გეგმას გააცნობს და მათ შეკითხვებს უპასუხებს. რეგლამენტის მიხედვით, ამის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე გავა.