სიტყვარის“ პრეზენტაცია თსუ-ში

სიტყვარის“ პრეზენტაცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის ,,სიტყვარის'' ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ლექსიკონი პირველად 1920 წელს გამოიცა, ხოლო შემდეგ 1921 წელს, განმეორებით გამოცემას ქართულ-რუსული ნაწილი დაემატა. 

ახალი გამოცემა მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელმა ლია ქაროსანიძემ. მისი თქმით, ახალ გამოცემაში 1921 წლის ლექსიკონის განსხვავებული ერთეულებია შეტანილი. „შევადარე ეს ორი ლექსიკონი ერთმანეთს, დავურთე ცვლილებები, რომლებიც შესულია 1921 წლის ლექსიკონში. ვფიქრობ, რომ ამ ლექსიკონზე მუშაობა აწი უნდა დავიწყოთ და ბევრ საინტერესო ქართულ ტერმინს აღმოვაჩენთ. რომ არა ისინი, ტექნიკური ენა იქნებოდა ე.წ ინტერნაციონალური და არა ქართული,“- აღნიშნა ლია ქაროსანიძემ. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილმა  „სიტყვარის“ პირველი გამოცემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შემდეგ, ივანე ჯავახშივილის ხელმძღვანელობით და შემდგომ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის  მხარდაჭერით შეიქმნა ტერმინოლოგიის სპეციალური კომისია, რომელმაც დაიწყო ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნაზე მუშაობა, ის გამოცემა იმდროინდელი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ჩარჩოში ჯდებოდა.“ 

„ეს არის მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის და, ასევე, ტერმინოლოგიის განვითარებისთვის საქართველოში. ამისთვის მადლობას ვუხდით, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელს ლია ქაროსანიძეს. მან მეორედ გამოსცა „სიტყვარი“ და რაც მთავარია, ერთმანეთს შეადარა ორი გამოცემა,“ - აღნიშნა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ნანა მაჭავარიანმა.

პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა  ჰქონდათ  დაეთვალიერებინათ გამოფენა, რომელზეც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული,  1918-1921 წლებში გამოცემული ლექსიკონები და სახელმძღვანელოები იყო წარმოდგენილი.