ირაკლი ზარქუა: მარგველაშვილის რამე ქმედითი ნაბიჯი არ მახსენდება - უუფლებო ექსპრეზიდენტის გაკეთებული საქმე რა უნდა იყოს?

ირაკლი ზარქუა: მარგველაშვილის რამე ქმედითი ნაბიჯი არ მახსენდება - უუფლებო ექსპრეზიდენტის გაკეთებული საქმე რა უნდა იყოს?

რაც არ უნდა ვისაუბროთ შერიგებაზე და ამაღლებულ ნოტაზე, მერე მოლაშვილის ოჯახს რა თვალებით შევხედოთ? - შერიგების შემდეგ, როგორ უნდა ველაპარაკოთ მაგალითად გირგვლიანის ოჯახს?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუცია არ გამოუვიდა, შერიგებაზე ალაპარაკდა.

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ეს შერიგება არ შედგება.

„არ გამოდის ეს. რაც არ უნდა ვისაუბროთ შერიგებაზე და ამაღლებულ ნოტაზე, მერე მოლაშვილის ოჯახს რა თვალებით შევხედოთ? - შერიგება ძალიან კარგია. შესარიგებელი მე არაფერი მჭირს. შევრიგდით კი არა, მთელი თემებია, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ კომიტეტის დონეზე, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციასთან. თვითმმართველობაში ინიციატივა შემოიტანეს, მხარი დავუჭირეთ. ის, რაც გონივრული, ადეკვატური და ნორმალურია, ჩვენ ვთანამშრომლობთ. ის, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საზოგადოება ორად გახლიჩა - არის ერთი ნაწილი, რომელიც აგრესიაზე და ძალადობაზე არის აქცენტირებული, მეორე ნაწილიც აყოლილია ამას. სამწუხარო რეალობაა ეს - ახლა შემოატრიალეს, მიხვდნენ, რომ რევოლუცია არ გამოსდით და ჩაფლავდნენ. მე ორივე ხელით მონაწილე ვიქნები ამ პროცესის, ოღონდ ერთი დათქმით. ის, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები აწვალა, აწამა, ბიზნესი წაართვა, დაასახიჩრა, მოკლა, რანაირად უნდა ველაპარაკო შერიგების შემდეგ? როგორ უნდა ველაპარაკო მაგალითად გირგვლიანის ოჯახს?!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაც სურს. მისი აზრით, ეს შეხვედრა შეხვედრისთვის იქნება.

„სიმართლე გითხრათ მარგველაშვილის რამე ქმედითი ნაბიჯი არ მახსენდება, იქნებ თქვენ შემახსენოთ. ოთხი წლის განმავლობაში მე დამამახსოვრდა იმით, რომ სულ ექიშპებოდა ჩვენს გუნდის წევრებს ან პრემიერ-მინისტრს ვინ წავიდოდა გაეროს სხდომებზე. შეგიძლიათ ერთი თემა შემახსენოთ, რომელიც მარგველაშვილმა დაასახელა, გაიტანა და ქვეყანას რაღაც სიკეთე მოუტანა, გახსოვთ?

უუფლებო ექსპრეზიდენტის გაკეთებული საქმე რა უნდა იყოს? შეხვედრა შეხვედრისთვის, ჩემი აზრით. შევუშვათ იქ, შევიდეს სააკაშვილთან, დაელაპარაკებიან, გამოცდილებას ეტყვიან“, - განაცხადა ზარქუამ.