ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, აქციაზე 3 500-მდე ადამიანი იყო შეკრებილი და ქალაქის ევროპული კვარტლისკენ მსვლელობას მართავდა. მათივე ცნობით, დემონსტრანტების ნაწილმა სპეცრაზმს ბოთლები და ქვები დაუშინა, რის გამოც სამართალდამცავებმა აქციის დაშლა დაიწყეს და რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
ბელგიაში ყოველდღიურად კორონავირუსის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რის გამოც ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესების გამკაცრება დაიწყო.
ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი მიმდინარე კვირის ოთხშაბათს შეკრებას და ახალი ზომების დაწესების შესახებ მსჯელობას გეგმავს.