მე ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს, სათითაოდ გავეცანი იმ დანიშნულებას, რომლებიც მას აქვს გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ დანიშნული. დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი წამება უნდოდა,- ამის შესახებ სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრმა, ფსიქიატრმა მარინა კურატაშვილმა განაცხადა.
„არ ვადასტურებ და ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. მე მიხეილი ვნახე მხოლოდ ერთხელ და იმ ნახვისას ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. ასე რომ, ვერ დავადასტურებ. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტების დანიშნულების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმუმი დოზა, ისევ „ქვეტიაპინზე“ ვლაპარაკობ. მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ 100 მილიგრამზე ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამს, ზოგჯერ მისი თხოვნითაც“, – განაცხადა მარინა კურატაშვილმა.
სახალხო დამცველთან არსებული ექიმების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.