ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე მოახერხებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანაშაული აღიაროს და პოლიტიკიდან გავიდეს, შერიგების მცდელობა წარმატებული იქნება, მაგრამ არ მგონია, ვინმემ ეს შეძლოს

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე მოახერხებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანაშაული აღიაროს და პოლიტიკიდან გავიდეს, შერიგების მცდელობა წარმატებული იქნება, მაგრამ არ მგონია, ვინმემ ეს შეძლოს

თუ ვინმე მოახერხებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიტორიკა და დამოკიდებულებები შეცვალოს, დანაშაული აღიაროს და პოლიტიკიდან გავიდეს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შერიგების მცდელობა წარმატებულია - არ მგონია, ვინმე ამის შემძლე იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის განხორციელება ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე ძალიან რთულად წარმოუდგენია.

„შერიგებასთან დაკავშირებით ჩემეული ფორმულა ასეთია: ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა ყველა უმძიმესი დანაშაული უნდა აღიარონ, რაც წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების და ბიზნესის რეკეტის ჩათვლით ჩაიდინეს და რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს უნდა აღიარონ! ამის შემდეგ შეიძლება შერიგებაზე საუბარი დაიწყოს. ვიდრე დამნაშავეებს, კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. “ნაციონალური მოძრაობას“ ღირსება რომ ჰქონდეს, პოლიტიკიდან გავიდოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.