დავით ბერძენიშვილი: ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილის ორ დღეში გამოხსნის შესაძლებლობას - რამდენჯერ უნდა დაუძახონ

დავით ბერძენიშვილი: ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილის ორ დღეში გამოხსნის შესაძლებლობას - რამდენჯერ უნდა დაუძახონ "ქუდზე კაცი"

ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან, სააკაშვილის ორ დღეში გამოხსნის შესაძლებლობას, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია, რომელიც 21 დეკემბერს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართება, ოპოზიციური პარტიის მხრიდან ძალის დემონსტრირებაა.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას.

„შერიგებისკენ ზოგიერთი განცხადება უფრო მოზომილია. ეს განცხადება არის სხვა ტიპის, სადაც დემონსტრირებაა, რომ 21-ში იყოს შემაძრწუნებელი მიტინგი, რომელიც ამ ხელისუფლებას შეაზანზარებს - ძალის დემონსტრირების ფონზე, ხდებოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი შეტევა ამ მორიგებისთვის. საარტილერიო შეტევა შემდეგი საუბრისთვის, უკეთესი პოზიციების მოპოვება მოლაპარაკებისთვის“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ მოახერხებს.

რაც შეეხება უკრაინული მხარისთვის ყოფილი პრეზიდენტის გადაცემის საკითხს, როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, უკრაინას გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემები აქვს.

„ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ორ დღეში, ორ კვირაში, გამოხსნის შესაძლებლობას. გადასცემენ თუ არა უკრაინას, ლიმონივით გამოწურულ, პოლიტიკურად დაზარალებულ მიხეილ სააკაშვილს, გაუშვებენ თუ არა უკრაინაში, არ ვიცი, უკრაინას ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემები აქვს. მიხეილ სააკაშვილმა რეპუტაციულად მოიგო ჩამოსვლით, თქვა, რომ აქ ვარ, არ მეშინია ციხის, ყოჩაღად შეხვდა ციხეს - ამით ბევრი გააკვირვა, ვინც მას იცნობდა, რადგან სხვანაირად იცნობდნენ, ან საერთოდ არ იცნობდნენ და სხვა წარმოდგენა ჰქონდათ. მეორე მხრივ, მას შესაძლოა მეტი მოლოდინი ჰქონდა, ამდენი წლის განმავლობაში ქვეყნიდან მოწყვეტილს. მას ბევრჯერ უთქვამს, რომ მოსახლეობის 2/3-ს უნდა ჩემი ჩასვლა საქართველოშიო, ამ დროს 2/3-ს არ უნდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა, არა თუ ერთპიროვნულ ხელისუფლად, სხვებთან ერთად ხელისუფლებაში ყოფნა“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, რომ სამი პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდეს, როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ეს გამოსავალი არ არის.

„სამი პრეზიდენტი არ არის შერიგების პროცესის რეალური ხელშემწყობი, ეს სამი პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის აბსოლუტურ უმრავლესობას კი არ განასახიერებს, ეს არ არის გზა. გზა არის პირობების შექმნა, გარედან ზეწოლა. მიშას გამოშვება ხელისუფლებასთან გარიგებით შეიძლება მოხერხდეს, მაგრამ ეს არ ცვლის პრობლემას, მიშა, რომ გარეთ იყოს, ამით ხელისუფლება კი არ იცვლება. მელია ვერ ახერხებს თურმე მიტინგებს და მოსესავით ატარებს ხალხს ზევით ქვევით, როგორც მისიანები უწერენ. სწორია, რომ ნიკა შტურმზე არ მიდის, არასწორია, რადგან შეელეწება, ვერ დალეწავს, დალეწვა ცუდია, შელეწვა უფრო ცუდია. არასწორია, „ნაცმოძრაობის“ ეს სტრატეგია, რომ შევიკრიბებით, დავმუხტავთ ხალხს, ეს არ ყოფნის, რამდენჯერ უნდა დაუძახონ "ქუდზე კაცი" “, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.