იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვება პრაქტიკული ნაბიჯები - „ლელო საქართველოსთვის“ ამ პროცესში, თუკი ის ინიცირებული იქნება ფორმალურად ზურაბიშვილის მხრიდან, მივიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს შეუძლია ითამაშოს გადამწყვეტი როლი, რომ ვითარების დეესკალაცია მოხდეს, გადავიდეთ ნორმალურ პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში. იმედი მაქვს, მის განცხადებას მოჰყვება პრაქტიკული ნაბიჯები. ჩვენ „ლელო საქართველოსთვის“ ამ პროცესში, თუკი ის ინიცირებული იქნება ფორმალურად ზურაბიშვილის მხრიდან, მივიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას. ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ მოვახერხოთ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს შერიგების თუ შეთანხმების პროცესი, მე ვფიქრობ თანხმობის პროცესი ვიდრე შერიგების, ეს იქნება სწორი, რადგან არსებობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები და გამოწვევები, რაზეც უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება და არა დაპირისპირებაზე და ზიზღზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.