ელენე ხოშტარია:  არ ვაპირებ, რომ ნეგატიურ პოზიციას ჩავეჭიდო, მე ვეჭიდები იმ შეთავაზებას, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მოდის - მივცეთ შანსი ამ პროცესს

ელენე ხოშტარია:  არ ვაპირებ, რომ ნეგატიურ პოზიციას ჩავეჭიდო, მე ვეჭიდები იმ შეთავაზებას, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მოდის - მივცეთ შანსი ამ პროცესს

პარტია „დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას შეფასებით, შერიგებასთან დაკავშირებით ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების როლი ძალიან დიდია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამისთვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.

„ვფიქრობ, სამივე პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული როლი ამ პროცესში. კარგი იქნება, თუ ჩვენ, როგორც ქვეყანა შევძლებთ, რომ ალბათ, პირველად დავინახოთ სამი ძალიან განსხვავებული პოზიციის მქონე პრეზიდენტი ერთად დამსხდარი. თუ ამ პროცესს სერიოზული ბედი უწერია, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. ახლა ჩვენ ვართ ეტაპზე, როდესაც აზრების გაცვლა იქნება მნიშვნელოვანი, თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს. მერე არის გარკვეული ქმედებების დრო, რომ პროცესის სერიოზულობა დავინახოთ. ამიტომ, დიახ, პრეზიდენტების ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ნაბიჯები არის გადასადგმელი. მარჩიელობას შევეშვები და მოქმედებებს დაველოდები“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციებს შორის პოლიტიკურად დიდი სხვაობაა.

„მმართველი პარტიისგან არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ ქმედებებს ვხედავთ, რომელიც ამ ინიციატივის საპირისპიროა, თუმცა, ეს ასე რომ არ იყოს, ჩვენ მსგავსი ინიციატივა არ დაგვჭირდებოდა. დღეს პოზიციები არის უკიდურესად დაშორებული. მიუხედავად მათი ამ პოზიციებისა, მე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი არ ვაპირებ, რომ ნეგატიურ პოზიციას ჩავეჭიდო, მე ვეჭიდები იმ შეთავაზებას, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მოდის. მივცეთ შანსი ამ პროცესს. თუ ეს პროცესი გადაიქცევა ან დაჩაგვრის ან ვაჭრობის სურვილად, ან იმ კონცეფციად, რაც ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ, რომ უნდა გაქრეს საზოგადოების ნაწილი, ცხადია, ეს პროცესი ვერ შედგება", - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რათა "მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.