გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის ფანტაზიები უკიდეგანოა. როგორც ჩანს, საკუთარ დაბადების დღეზე საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტა

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის ფანტაზიები უკიდეგანოა. როგორც ჩანს, საკუთარ დაბადების დღეზე საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი 21 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, საზოგადოება აქციებს არ ემხრობა და დროა ოპოზიციამ მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის დაიწყოს.

„მიხეილ სააკაშვილის ფანტაზიები არ გაგვიკვირდება, მისი ფანტაზიები უკიდეგანოა. როგორც ჩანს, საკუთარ დაბადების დღეზე საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტა. ეს მისი პირადი საქმეა, ქვეყანას სხვა დღის წესრიგი და გამოწვევები აქვს. სხვათა შორის, ძალადობრივ პროცესებზე მათმა მხარდამჭერებმაც კი თქვეს უარი. შეიძლება, არჩევნებში პოლიტიკურად მხარს უჭერდნენ „ნაცმოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ ისინი მხარს არ უჭერენ არც ერთ შემთხვევაში რადიკალურ ნაბიჯებს და ქუჩის აქციებს. ამიტომ, ოპოზიცია უნდა მიხვდეს და მეცადინეობა დაიწყოს 2024 წლის არჩევნებისთვის. მგონი, აქციებს გავლენა მათ მხარდამჭერებზეც არ აქვთ, რადგან ხალხს არ უნდა ქუჩაში ირბინოს ნაცვლად იმისა, რომ მათ მიერ არჩეული დეპუტატები პარლამენტში მუშაობდნენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.