მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ იყო, ყოველთვის თვითშეყვარებული ეგოისტის პოზიციას ავლენდა, პასუხისმგებლობის დაბალი დონით, რომელიც მას საშუალებას აძლევდა დაერღვია როგორც საქართველოს, ისე უკრაინის კანონები, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა, უკრაინის რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა, ანდრეი ტეტერუკმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მან [სააკაშვილმა] უკრაინის ტერიტორია დატოვა კანონდარღვევით და ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. როგორც უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლაზარენკომ ამერიკის კანონის დარღვევისთვის მოიხადა პატიმრობის ვადა აშშ-ში, ვფიქრობ, სააკაშვილის ბედი იქნება ზუსტად ასეთი - თუ დაარღვიე კანონი, პასუხი უნდა აგო. დანაშაულზე თავის არიდება ყოფილი დამსახურებებით, ეს სისულელეა და არაფერი საერთო არ გააჩნია ადამიანის ღირსებასთან. ძალიან ცუდია, რომ ადამიანები, ვინც კანონს არღვევენ, ცდილობენ თავი დააღწიონ პასუხისმგებლობას, ეფარებიან თავის პოლიტიკურ პოზიციას. ჩემი აზრით, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც საკუთარი ამომრჩევლების ნდობა მიიღო, ლიდერის თვისებებს უნდა ამჟღავნებდეს“, - აღნიშნა ანდრეი ტეტერუკმა.
მისივე თქმით, კურჩენკომ კაპიტალი იანუკავიჩის დახმარებით, უკრაინელების ძარცვით დააგროვა.
„ეს არ გახლავთ მისი ინტელექტუალური მიღწევა, ეს გახლავთ იმის დამამტკიცებელი, რომ იგი მონაწილეობას იღებდა ბანდის შემადგენლობაში, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში და ჩვენს ქვეყანას ძარცვავდა. მაიდანის რევოლუციის შემდეგ ისინი გაიქცნენ რუსეთში და კურჩენკომ დაიწყო ძალიან აქტიური მოქმედება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, რათა კონტროლი დაემყარებინა საწარმოებზე ოკუპირებულ რეგიონებში და ყველაზე მიუღებელია ის, რომ იმ თანხებს, რომელსაც ისინი იღებდნენ ოკუპირებული ტერიტორიის ძარცვით, უხდიდნენ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია სურდა“, - განაცხადა უკრაინელმა პოლკოვნიკმა.