ანდრეი ტეტერუკი: სააკაშვილი უკრაინაში საინფორმაციო კამპანიას ახორციელებდა იმ თანხებით, რომელსაც მას რუსეთის სპეცსამსახური სთავაზობდა

ანდრეი ტეტერუკი: სააკაშვილი უკრაინაში საინფორმაციო კამპანიას ახორციელებდა იმ თანხებით, რომელსაც მას რუსეთის სპეცსამსახური სთავაზობდა

ყველაზე მგრძნობიარე ფაქტი გახლავთ ის, რომ სააკაშვილი საინფორმაციო კამპანიას ახორციელებდა იმ თანხებით, რომელსაც მას რუსეთის სპეცსამსახური სთავაზობდა, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა, უკრაინის რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა, ანდრეი ტეტერუკმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მან მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მაშინდელი პრემიერის, არსენ იაცენუკის წინააღმდეგ დაგეგმილ ბინძურ პოლიტიკურ კამპანიაში დაადანაშაულა. ტეტერუკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აღიარებდა, რომ მას ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში იყენებდნენ.

უკრაინის რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა საუბრისას სააკაშვილის მიერ პოლონეთიდან კანონდარღვევით უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ფაქტიც გაიხსენა.

„მე გახლდით უკრაინის დეპუტატი, 5 წელი ვიმუშავე პარლამენტში და როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც კანონს არღვევს. თავიდან, როდესაც სააკაშვილი პოლონეთიდან, უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით ცდილობდა საზღვრის გადმოკვეთას, ეს ძალიან ნეგატიურად იყო აღქმული უკრაინის მოქალაქეების მიერ, რადგან გამორჩეულთა მიერ კანონების დარღვევა, ეს არის ხაზის გადასმა კანონის უზენაესობისადმი. იმ დროს მიხეილ სააკაშვილმა ჯარიმაც გადაიხადა. აღიარა, რომ უკრაინის კანონმდებლობის დამრღვევი იყო და ამან იგი არ შეაჩერა. ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოეხდინა. მონაწილეობას იღებდა ბინძურ პოლიტიკურ კამპანიაში მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ, რომელსაც იმ პერიოდში არსენ იაცენუკი ხელმძღვანელობდა.

მიხეილ სააკაშვილი აღიარებდა, რომ მას ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში იყენებდნენ, რაც ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის მიერ ძალიან ცუდად აღიქმება: არა მხოლოდ უკრაინის, საქართველოს, არამედ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის, რომელსაც სურს სამართლებრივ სივრცეში დარჩეს. ყველაზე მგრძნობიარე ფაქტი გახლავთ ის, რომ სააკაშვილი საინფორმაციო კამპანიას ახორციელებდა იმ თანხებით, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახური მას სთავაზობდა“, - განაცხადა ტეტერუკმა.