ლევან იოსელიანი: ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან სასაუბროდ უცხოელი შუამავლები არ უნდა გვჭირდებოდეს, როდისღაც ამ მიმართულებით ყველა პარტიამ ნაბიჯები უნდა გადავდგათ

ლევან იოსელიანი: ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან სასაუბროდ უცხოელი შუამავლები არ უნდა გვჭირდებოდეს, როდისღაც ამ მიმართულებით ყველა პარტიამ ნაბიჯები უნდა გადავდგათ

ნამდვილად მივესალმები ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში, რაღაცა დონით მაინც, თუ შესაძლებელი იქნება, დაძაბულობასა და პოლარიზაციას შეამცირებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე კომენტირებისას.

იოსელიანის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ერთხელ უკვე შეძლო ამგვარი როლის შესრულება, როდესაც შარლ მიშელთან ერთად პლატფორმა შექმნა, რათა პოლიტიკური პარტიები შეთანხმებულიყვნენ და შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ.

„ვფიქრობ, ძალიან სწორია, რომ ისევ საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყოს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ამას მხოლოდ მივესალმებით, რადგან ამ ქვეყნის პოლარიზაციის შემცირება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ სხვა ტიპის პოლიტიკის კეთება დაიწყოს ამ ქვეყანაში რომელიც ორიენტირებული იქნება არსებითად ქვეყნის გამოწვევებზე და არამხოლოდ ერთმანეთის გაშავებისა და ზიზღის კამპანიაზე. რამდენად ინკლუზიური იქნება, ეს დამოკიდებულია, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა და აქტორების ჩართულობაზე, ნება-სურვილზე.

ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში მონაწილეობა მივიღოთ. ნამდვილად მივესალმები ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში, რაღაცა დონით მაინც თუ შესაძლებელი იქნება, დაძაბულობასა და პოლარიზაციას შეამცირებს. ვფიქრობ, ჩვენ თუ შევძელით, რომ შარლ მიშელის მონაწილეობით დავმსხდარიყავით ერთ მაგიდასთან გვესაუბრა საკითხებზე და მიგვეღწია რაღაც შეთანხმებისთვის, ე.ი ამის რესურსი არსებობს, ახლა აუცილებლად უცხოელი უნდა იყოს რომ რეალურად დიალოგი შედგეს? ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის განმსაზღვრელიც არის, რომ ქართველებმა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი და ამის პლატფორმა თუ იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს მხოლოდ კარგი იქნება. ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან სასაუბროდ უცხოელი შუამავლები არ უნდა გვჭირდებოდეს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება და როდისღაც ამ მიმართულებით ყველა პარტიამ ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, – განაცხადა იოსელიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.

Aburjga Tasmanieli ნაბიჯს ვერ გადადგამთ, ტყუილად თავს ნუ იტყუებთ! გამოსავალი არის მხოლოდ დიქტატურაში და პარტიების აკრძალვაში. საჭიროა სამხედრო გადატრიალება. ხუნტა! 30 წლიანი დემოკრატიული ვაკხანალია უნდა დამთავრდეს!
3 წლის უკან