მამუკა მდინარაძე: ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა, არასდროს შეეგუება, რომ ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული იყოს

მამუკა მდინარაძე: ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა, არასდროს შეეგუება, რომ ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული იყოს

როგორი განცხადებებიც არ უნდა იყოს ოკუპანტი ქვეყნისგან, საქართველოსა და ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლების პოზიცია იქნება უცვლელი, ეს წერია კონსტიტუციაში, ეს არის ქართველი ხალხის ნებაც, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ამ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა აქ გააჩნია, ევროპულ ოჯახში. აქედან გამომდინარე, ჩვენი კურსი იქნება ურყევი ნებისმიერი განცხადების, ნებისმიერი პოზიციის მიუხედავად და ასევე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები დასავლეთიდან ამისთვის გააკეთებენ ყველაფერს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.

ბუნებრივია, რომ ქვეყნის პოზიცია, რომელსაც თავისი მიზნები აქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით, გააგრძელებს ასე საუბარს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა, არასდროს შეეგუება იმას, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი იყოს ოკუპირებული და ყველაფერს გააკეთებს დეოკუპაციისა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

რუსეთმა ნატოს მოუწოდა, გააუქმოს 2008 წლის ვალდებულება უკრაინისა და საქართველოს წინაშე, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებიან და არ განათავსოს შეიარაღება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, რომელმაც მის უსაფრთხოებას შეიძლება, საფრთხე შეუქმნას.