გურამ მაჭარაშვილი: თუ გულწრფელად უნდათ ე.წ. შერიგება, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, მობრძანდნენ პარლამენტში

გურამ მაჭარაშვილი: თუ გულწრფელად უნდათ ე.წ. შერიგება, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, მობრძანდნენ პარლამენტში

თუ გულწრფელად უნდათ ე.წ. შერიგება, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, მობრძანდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ძალიან კარგია პრეზიდენტის პოზიცია, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი სივრცე, სადაც პოლიტიკოსებს შეეძლებათ ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ჩატარება, თუმცა მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ ასეთი სივრცის არსებობის საშუალებას რადიკალური ოპოზიცია არ იძლევა.

„შერიგებასთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ პოლიტიკურ ორგანოში, სადაც საზოგადოებამ აგვირჩია და ასევე აირჩია ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი. თუ გულწრფელად უნდათ ე.წ. შერიგება, პირველი, რაც უნდა გააკეთონ – მობრძანდნენ პარლამენტში, აღიარონ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა, დაიწყონ ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და ამის მერე შეიძლება, დავიწყოთ საუბარი ნებისმიერი ტიპის შერიგებაზე.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რა თქმა უნდა, ეს ინსტიტუცია არის დამოუკიდებელი, ზეპარტიული ინსტიტუცია და ძალიან კარგია პრეზიდენტის პოზიცია, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი სივრცე, სადაც პოლიტიკოსებს შეეძლებათ ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ჩატარება, რაც სალომე ზურაბიშვილმა იგულისხმა. ბუნებრივია, ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ სამწუხაროა, ასეთი სივრცის არსებობის საშუალებას არ იძლევა რადიკალური ოპოზიცია. მაგალითად, დილით იტყვის, რომ უნდა შევრიგდეთ, შუადღისას ჩაატარებს აქციას, რადიკალურ პროცესებში მიიღებს მონაწილეობას, ზეწოლას განახორციელებს პოლიციელებზე და საღამოს დაიწყებს საკუთარი ამომრჩევლების, „ქართული ოცნების“ ლანძღვა-გინებას, საუბარს დაიწყებს პარლამენტის არალეგიტიმურობაზე და ერთ-ერთი ლიდერი მაინც გამოვა იმავე დღეს, რომელიც იტყვის, რომ უნდა გაგრძელდეს მასობრივი, მასშტაბური აქციები ამ ხელისუფლების დასრულებისთვის. სამწუხარო მოცემულობაა, რომ სივრცეს არ ტოვებს რადიკალური ოპოზიცია იმისთვის, რომ ნორმალურად დავიწყოთ საუბარი. თუ მათ ეს გულწრფელად სურთ, დაანახონ საზოგადოებას, რომ ცივილიზებული სამყაროს მიერ ლეგიტიმურად ცნობილი საქართველოს პარლამენტი და აქ არსებული შესაძლებლობები გამოიყენონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

​მისივე განცხადებით, „ოპოზიციას შერიგება წარმოუდგენია მხოლოდ თავისი სურვილების დაკმაყოფილებად“.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია მოვიდეს პარლამენტში და დაიწყოს მუშაობა, შერიგების წინაპირობა უნდა იყოს ის, რომ მათ აღიარონ ის არასწორი საქციელი, რასაც ჩადიოდნენ და ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ. წინაპირობად აყენებენ ისეთ საკითხს, რომელიც სამართლებრივად შეუძლებელია. პატიმრის გათავისუფლების უფლება ხელისუფლებას არ აქვს, რა სამართლებრივი საშუალებაც არსებობს პრეზიდენტის მხრიდან, პრეზიდენტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ვიცით. რაც მთავარია, სააკაშვილი თუ შეურიგდება და მოახერხებს იმ ოჯახებთან შერიგებას, რომლებიც დაზარალდნენ ზოგი სიცოცხლით, ქონებით, ჯანმრთელობით და ა.შ, ამის მერე მორალურად შეიძლება, გამართლებული იყოს საუბარი შერიგებაზე მის კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით. ოპოზიციას დაუძველდა მეთოდები, რამდენიმე საათში კი არა, უკვე რამდენიმე წუთში გაიყიდებიან, როდესაც ამბობენ, რომ შერიგება სურთ და სულ რამდენიმე საათისა და წუთის შემდეგ ისეთ განცხადებას გააკეთებენ, რომ უკვე ფარდა ახდილი აქვს მათ ძალადობრივ მოწოდებას.

შერიგებას მივესალმებით, მაგრამ ნაბიჯები უნდა გადმოდგას გაბუტულმა ოპოზიციამ, რომელიც პარლამენტიდან ქუჩაში გაიქცა. ჩვენ ხომ არ გავიქცევით პარლამენტიდან ქუჩაში. ქუჩიდან უნდა მობრძანდნენ პარლამენტში და შემდეგ ამ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში შევხედავთ, არის თუ არა რესურსი, რომ შევრიგდეთ. სალომე ზურაბიშვილმა როდესაც თქვა, უნდა მოხდეს შერიგება, მას არ უგულისხმია მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, რადგან მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცნობილია. ეს, სამწუხაროდ, ოპოზიციის ინტერპრეტაციაა. ოპოზიციას ახლა გაახსენდა, რომ ქვეყანას ლეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს? როდის იყო ლეგიტიმური პრეზიდენტი მაგალითად „ნაცმოძრაობისთვის“, რომელიც რამდენიმე თვის წინ სულ ამბობდა, რომ არის არალეგიტიმურად დანიშნული. არალეგიტიმური პრეზიდენტისგან როგორ ითხოვენ შეწყალებას. ზოგადად, შეწყალება უნდა იმ ადამიანს, რომელიც ჩადენილ დანაშაულებს ინანიებს. ეს არის პრეზიდენტის ინიციატივა, რომელსაც მივესალმებით იმ ნაწილში, თუ ოპოზიცია გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, რისიც სამწუხაროდ, არ გვჯერა. თვითონვე ამბობენ, რომ მათთვის შერიგება არის ნომერ პირველი – სააკაშვილის განთავისუფლება და მათი ხელისუფლებაში მოსვლა. ეს მათი შერიგების ფორმატია. მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ მათი განცხადებების, რადგან დილას ერთს ამბობენ და შემდეგ სხვას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.