ჩვენი პარტნიორები ხვდებიან, რომ რუსეთის შეჩერება მხოლოდ სიტყვებითა და პოლიტიკური განცხადებებით შეუძლებელია. ამიტომ, აქტიური მუშობა მიმდინარეობს, როგორც სანქციების პაკეტზე, ასევე ნატოს მხრიდან რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ ერთობლივ პასუხზე, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ნატოს ალიანსის გაფართოების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
სამხარაძემ იმედი გამოთქვა, რომ აშშ თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.
„ჩვენი პარტნიორებიდან თითქმის, ყველა ზუსტად ისევე აღიქვამს სიტუაციას და აანალიზებს ამ საკითხს, როგორც ჩვენ. აქედან გამომდინარე, ისინი ხვდებიან, რომ რუსეთის შეჩერება მხოლოდ სიტყვებითა და პოლიტიკური განცხადებებით შეუძლებელია. ამიტომ, აქტიური მუშობა მიმდინარეობს, როგორც სანქციების პაკეტზე, ასევე ნატოს მხრიდან რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ ერთობლივ პასუხზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც აშშ თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს ამ საკითხს, საკმაოდ ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ში ჩვენთან ერთად იმყოფებოდა უკრაინის საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ჩვენ გუშინ შევხვდით და ერთობლივი ნაბიჯები დავგეგმეთ, რათა უკრაინამ და საქართველომ ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად. ამიტომ, ამ მხრივ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ დასავლეთის მხრიდან პასუხი ძალიან მკაფიო და მკაცრი იქნება“, - განაცხადა სამხარაძემ.