ჯგუფი ქამელეონი ყოველწლიურ საავტორო ფესტივალს იწყებს

ჯგუფი ქამელეონი ყოველწლიურ საავტორო ფესტივალს იწყებს

დღეს, სამეფო უბნის თეატრში ჯგუფი ქამელეონის მიერ საქართველოს სპორტის კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა ყოველწლიური საავტორო თეატრის ფესტივალის პირველი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, დამსწრეებს  წარუდგინეს ფრანგი დრამატურგის ბერნარ მარი კოლტესის პიესა, შემდეგ კი მთარგმნელმა და დრამატურგმა ვალერი ოთხოზორიამ და ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ ავტორის და მისი ნაწარმოებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თეატრში პიესის თეატრალური შესრულებაც შედგა, რომელიც მსახიობებმა პაატა ინაურმა და გაგა შიშინაშვილმა  შეასრულეს. ჯგუფი ქამელეონის მთავარი მიზანი დრამატურგიის და თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა.  ამ კუთხით აუცილებელია უცხოელ ავტორთა ტექსტების თარგმნა და ადაპტირება.

მნიშვნელოვანია უცხოელ ავტორთა სათეატრო ტექსტების ხარისხიანი და სისტემური თარგმნა, რომელიც უტოლდება ავტორის შემოქმედების საუკეთესო ნაწილის თარგმნას. მნიშვნელოვანია თარგმნილი პიესების შესახებ დისკურსის შექმნა: საჯარო წაკითხვა, ვორქშოპის ჩატარება, მედია სივრცეში და თეატრის კრიტიკოსთა შორის ინფორმაციის გავრცელება, რეცენზიების შექმნა და სპექტაკლების დადგმა. დრამატურგიის ყოველწლიური საავტორო ფესტივალი ითვალისწინებს ყოველ წელს ერთი უცხოელი დრამატურგის 5 პიესის თარგმნას, აქედან ერთი პიესის საჯარო წაკითხვას, ვორქშოპის ჩატარებას, მინიმუმ ერთი სპექტაკლის დადგმას შემდეგ სეზონზე და პიესების კრებულის გამოცემას (დრამატურგიის სერიის ფარგლებში).

აღნიშნული აქტივობებით ხელი შეეწყობა თანამედროვე დრამატურგიის პოპულარიზაციასა
და რეცეფციას ქართულ თეატრალურ სივრცეში, რაც გაამდიდრებს როგორც დრამატურგიულ
ლიტერატურას, ასევე თეატრის რეპერტუარს, აამაღლებს ახალგაზრდების (სტუდენტებისა და
ახალგაზრდა ხელოვანების) ცნობიერებას, და ზოგადად, გამოიწვევს თეატრის ენისა და სტილის
დახვეწას გრძელვადიან პერსპექტივაში.

მაგალითისთვის, 2031 წლისთვის იარსებებს ათი დრამატურგის 50 თარგმნილი პიესა, მინიმუმ 10 დადგმული სპექტაკლი, მრავალი ჩატარებული ვორქშოპი, დაწერილი რეცენზია და სტატია თუ მედია-რეპორტაჟი. თავისთავად, აღნიშნული ხელს შეუწყობს ქართული სათეატრო ტექსტების შექმნასაც. დრამატურგიის ფესტივალის ჩატარება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, სამწუხაროდ, თეატრის კრიტიკის ფარგლებში ჩვენთან არ ექცევა სათანადო ყურადღება ტექსტის ანალიზს, ძირითადი აქცენტი გადატანილია წარმოდგენაზე, სანახაობაზე. ჩვენი მიზანია მოხდეს მეტი აქცენტირება ტექსტის ანალიზზე და ამ კუთხით წახალისდეს ახალგაზრდობა, ვინაიდან ტექსტი უმნიშვნელოვანესი ბაზისია თეატრალური წარმოდგენისა.

2021 წლის დრამატურგიის ფესტივალის ავტორი იქნება ფრანგი დრამატურგი - ბერნარ-მარი კოლტესი, რომლის ხუთი მთავარი პიესის თარგმანი იქნება წარმოდგენილი (პიესები: „რობერტო ზუკო“, „უდაბნოში დაბრუნება“, „ბამბის ველების სიმარტოვეში“, „ღამე ზუსტად ტყეების წინ“, „ზანგისა და ძაღლების ბრძოლა“).