ეკა ტიკარაძემ თვითონ განმარტა მისი გადადგომის მიზეზი - ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, ეს არის პრემიერ-მინისტრზე დამოკიდებული და მას უნდა დაველოდოთ, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სანამ ეკატერინე ტიკარაძე გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, იგი მას შეხვდა და ისაუბრეს კიდევაც.
„ეკა ტიკარაძემ თვითონ განმარტა მისი გადადგომის მიზეზი. რაც შეეხება პოლიტსაბჭოში წევრთა ფუნქციებს, ეს არის განსაზღვრული პარტიის წესდებით და როგორც მოქმედებენ პოლიტსაბჭოს წევრები პოლიტსაბჭოს ფორმატში, ზუსტად ისე იმუშავებს ეკა ტიკარაძე. ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, ეს არის პრემიერ-მინისტრზე დამოკიდებული და მას უნდა დაველოდოთ. სანამ ტიკარაძის ბრიფინგი ჩატარდებოდა, ის პარტიაში იმყოფებოდა, მასთან შეხვედრა და საუბარი მქონდა.
არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. თუ რაიმე დამატებითი განმარტება გჭირდებათ, მას ჰკითხეთ. ჩამოშლა ხდება ერთ პოლიტიკურ პარტიაში და მას ჰქვია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ქართულ ოცნებაში” არ ხდება. სწრაფი ტემპით ჩამოშლა ხდება ამ პარტიაში და სიამოვნებით დავაკვირდებით ამ პროცესს. სერიოზული კითხვები რომ დასვათ, სჯობს. ნიკანორ მელიას ჰკითხეთ, როდის აპირებს პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომას ან როდის გადააყენებენ? ირაკლი ღარიბაშვილი მტრის ჯინაზე კიდევ დიდი ხანი იქნება პრემიერის პოსტზე, გადადგომები მოიკითხეთ, თქვენს პოლიტიკურ პარტიაში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.