აუცილებლად ვიდგები ჩვენი გუნდის წევრი მინისტრის გვერდზე და დავეხმარები მას ყველა იმ გამოცდილებით, რაც მივიღე და დარწმუნებული ვარ, ეს უფრო მეტად გააუმჯობესებს და გააჯანსაღებს პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამი კვირის განმავლობაში, ფორსმაჟორის გარეშე ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ახალი ჯანდაცვის მინისტრი შეარჩიონ.
„ვინაიდან პანდემიაა და რიგ შემთხვევაში მინისტრები ძალიან სწრაფად იცვლებიან, მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში ეს ფაქტი დაანონსებულიყო. სწორედ ამიტომ გავაკეთე გუშინ განცხადება და შემდგომი სამი კვირის განმავლობაში ჩვენ ფორსმაჟორის გარეშე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შევარჩიოთ ახალი მინისტრი. მოხდეს ყველა მნიშვნელოვანი დარგის გადაბარება და რაც მთავარია, პანდემიის მართვის პროცესის გადაბარება, რათა მას არ მოუწიოს შემდეგ ამ რთული ვითარების ადგილზე გარკვევა და პროცესს არ შეექმნას შეფერხება. ეს არ იყო სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება, ეს იყო დაანონსება, რომ ახალი წლიდან ჩვენ გვეყოლება ახალი ჯანდაცვის მინისტრი. აუცილებლად ვიდგები ჩვენი გუნდის წევრი მინისტრის გვერდზე და დავეხმარები მას ყველა იმ გამოცდილებით, რაც მივიღე. დარწმუნებული ვარ, ეს უფრო მეტად გააუმჯობესებს და გააჯანსაღებს პროცესს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.ოპოზიცია შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი ტიკარაძე - ღარიბაშვილის დაპირისპირებას გამორიცხავს.