სოზარ სუბარი:  რიგ საკრებულოებში ლოკალური კრიზისია, თუ გამოსავალი ვერ მოინახა, საკრებულოს არჩევნები იქნება

სოზარ სუბარი: რიგ საკრებულოებში ლოკალური კრიზისია, თუ გამოსავალი ვერ მოინახა, საკრებულოს არჩევნები იქნება

რიგ საკრებულოებში ლოკალური კრიზისი არის და იმედია, გამოსავალს მონახავენ - თუ გამოსავალი ვერ მოინახა, საკრებულოს არჩევნები იქნება, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გააკეთა.

მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუნიციპალური ბიუჯეტები დამტკიცებულია და შესაბამისად, ახალარჩეულ მერებსა და სამსახურებს ბიუჯეტში გაწერილი პროგრამების განხორციელება შეუძლიათ.

"„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის დესტრუქცია. ყველაფერს გააკეთებენ, რომ თვითმმართველობებს მუშაობაში ხელი შეუშალონ. შეეცდებიან ცალკეულ მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნან. თუმცა პრობლემებს ვერ შექმნიან, რადგან ბიუჯეტები დამტკიცებულია. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას შორის - ვულოცავ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ერთმანეთისკენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს და სხდომა ერთი კვირით გადაიდო. მიზეზი ის გახდა, რომ სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სხდომა დატოვა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", სხდომაზე კი შესაბამისი გადაწყვეტილება კვორუმის არარსებობის გამო ვერ მიიღეს.