ირაკლი კობახიძე: სათანადო განაჩენი უნდა დადგეს ყველა იმ საქმეზე, რაც სააკაშვილის დანაშაულებს შეეხება

ირაკლი კობახიძე: სათანადო განაჩენი უნდა დადგეს ყველა იმ საქმეზე, რაც სააკაშვილის დანაშაულებს შეეხება

ეს არის მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია, რაც ჩვენ მივიღეთ და ეს აუცილებად გამოადგება გამოძიებას, - ასე აფასებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატიმარ სააკაშვილს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უწევდა.

მისი თქმით, სათანადო განაჩენი უნდა დადგეს ყველა იმ საქმეზე, რაც სააკაშვილის დანაშაულებს შეეხება.

„გიორგი ლორთქიფანიძის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია, რაც ჩვენ მივიღეთ და ეს აუცილებად გამოადგება გამოძიებას იმისთვის, რომ საბოლოოდ შეფასდეს ის საქმე, რაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლას უკავშირდება. ეს საქმე უნდა გაგრძელდეს, პროცესი უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, სათანადო განაჩენიც უნდა დადგეს ყველა იმ საქმეზე, რაც სააკაშვილის დანაშაულებს შეეხება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.